ჯერარდი “ლივერპულის” აწმყოსა და საკუთარი მომავლის შესახებ
“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიული კარიერის დასრულებას არ აპირებს. ინგლისელმა ნახევარმცველმა მერსისაიდული გუნდის არასტაბილური შედეგების მიზეზებზეც ისაუბრა.
“დამდეგ ზაფხულს კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. დამდეგ სეზონს სრულად ჩავამთავრებ. უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვნახავთ, დავრჩები “ლივერპულში” თუ სადმე წავალ. ამას “ლივერპული” გადაწყვეტს.
ვიცოდი, რომ ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ასეთი მდგომარეობა გვექნებოდა. როდესაც ტიტულს ასე უახლოვდები, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი მოთამაშეები შეინარჩუნო. ყველა ერთად უნდა ცდილობდეს წარმატების მიღწევას: ახალმოსული თუ გუნდში აქამდე მყოფი ფეხბურთელები.
“ლივერპულში” სესკ ფაბრეგასის ან დიეგო კოსტას ხილვას ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად შეუძლიათ კლუბის მფლობელებს ასეთი ტრანსფერების განხორციელება. მე “ლივერპულის” ფეხბურთელი ვარ და არა “ჩელსის” ან “მანჩესტერ სიტის”.
სეზონის სტარტზე ჩვენი გუნდის წარუმატებელი თამაშის გამართლებას არ ვცდილობ. ერთი მთავარი ფეხბურთელი დავკარგეთ, მეორემ ტრავმა მიიღო. გასულ სეზონთან შედარებით, ძალზედ არ გაგვიმართლა. პრემიერლიგის სხვა გუნდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ: “ჩელსიმ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა. “სიტი” ფინანსურად მდგრადი კლუბია და ყოველწლიურად ძლიერდება. აი, ამიტომ არის, რომ ცხრილის ზედა ნაწილში არ ვართ”, – ჯერარდის სიტყვები ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.