ბორჯღალოსნების თბილისური შეკრება დაიწყო
ბორჯღალოსნების თბილისური შეკრება დაიწყო. დღეს, 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგა ნომებრის ტესტებისთვის მზადებას.
მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფმა ბორჯღალოსნებმა დილით დარბაზში ივარჯიშეს, ხოლო საღამოს ვარჯიში კი, მოედანზე გამართეს.
ჩვენი ნაკრების სანოემბრე რაზმი პარასკევს გახდა ცნობილი. შერჩეულ მოთამაშეთა შორის ორი ახალგაზრდა მორაგბეა: მურაზ გიორგაძე (არმაზი) და გიორგი აფციაური (აია). მურაზ გიორგაძეს ორი კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე შედგა. გიორგი აფციაურს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კვართი ჯერ არ სცმია, თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. წლეულს სექტემბერში მან თბილისის კავკასიელების შემადგენლობაში ევროპული საკლუბო რაგბის ჩელნჯ ქაპის საკვალიფიკაციო სერიაში იასპარეზა.
როგორც მოგეხსენებათ ტრავმების გამო, წლევანდელ ნოემბრის კამპანიაში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი (ორივე მუხლის ტრავმა) და დავით ზირაქაშვილი (ტვინის შერყევა). ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.
ჩვენი მეტოქე თბილისშია
დღეს გამთენიიისას თბილისში ტონგელი ‘ზრვის არწივები’ ჩამოვიდნენ, რომლებიც 8 ნოემბრის ტესტისთვის მზადებას ავჭალის სარაგბო სტადიონზე გააგრძელებენ. მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბროტანეთში გაიარა და რომ საქართველოში კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის „C“ ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველომ და ტომგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში ითამაშეს თბილისში. ის შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 37:6 წაგების გამო, მაშინ ვერ მოვახერხეთ მსოფლიოზე გასვლა.
Rugby.GE