ნიჭი და არაპროფესიონალიზმი – ქართველი ფეხბურთელების „ევროტური“
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენთვის ეს თემა უცხო არასდროს ყოფილა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, გავიდოდა რომელიმე დიდ ტურნირზე ან ყველა მატჩს ღირსეულად მაინც ჩაატარებდა.
დასანანია, როცა გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო მას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ, კრახით სრულდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. მათი უმეტესობა კი ევროპის ძლიერ ლიგებში გამოდის.
მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. გასაკვირი ამაში არაფერია, 2009-2010 წლების პერიოდში ჯანო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ გამოჩნდა სწორედ ის მოთამაშე, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ფსონი გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, მიღწეულს ჯანოს ვერ დავუკარგავთ, ბოლო წლებში რუსეთის პრემიერლიგის განვითარებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ და აღვნიშნავ, რომ იმ კლუბის მაისურით თამაში, რომელსაც ჩემპიონატის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია ყოველთვის ჰქონდა, პატარა საქმე არაა. თანაც, ჯანო „სპარტაკის“ ერთი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ვინც ამ გუნდის ან პირადად ჯანოს სტატისტიკას ადევნებს თვალყურს, ამაში დაგვეთანხმება. მიმდინარე სეზონი მოსკოველთა ქართველი ლეგიონერისთვის კარგად დაიწყო, მურატ იაკინმა იგი რამდენიმე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რამდენიმეჯერაც ჯანო შეცვლაზე გავიდა.
გასული სეზონი ანანიძემ იჯარით „როსტოვში“ ჩაატარა და თანაგუნდელ არტიომ დიუბასთან ერთად იმდენად კარგი ტანდემი შექმნა, რომ ორივე წელს მოსკოველთა რიგებში გამოჩნდა. რასაკვირველია, ანანიძის ასეთმა თამაშმა მისი და გულშემატკვირების დიდი ხნის სურვილის რეალურად ქცევის წინაპირობა შექმნა. სამწუხაროდ, ვერც ეს იმედი გამართლებულა – სექტემბერში ჯანო სმოლენსკში არ გაფრინდა, სადაც „სპარტაკს“ რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თავისი ეს ქმედება ქართველმა ლეგიონერმა იმით ახსნა, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ასეთი უმნიშვნელო შეხვედრისთვის დამღლელი ფრენა არ სურდა. თავის მხვრივ, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ ჯანოს ეს საქციელი არ აპატია, შედეგად, ანანიძე ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს და, როგორც რუსული პრესა წერს, ხელფასიც დაუკავეს. აი, უკვე მეორე თვეა, რაც ქართველი ტალანტი მოსკოვური კლუბის მეორე შემადგენლობაში თამაშობს. სხვათაშორის, ახალგაზრდულ გუნდში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – ოთხ მატჩში ანანიძემ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, რომელზეც, როგორც ნაკრების, ასევე კლუბის გულშემატკივრები წლების განმავლობაში დიდ იმედებს ამყარებენ, ეს საკმარისი არ უნდა იყოს.
როგორც აღნიშნეთ, ჯანოსთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ვინ იცის, როგორ გააგრძელებდა იგი, რომ არა მისი უპასუხისმგებლო საქციელი.
თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ ერთი ის მოთამაშეა, რომლის ქართველ გულშემატკივარს ეიმედება. 2012 წელს ბელორუსის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, შემდგომ საიმედო თამაში უცხოურმა კლუბებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. უკვე მაშინ თორნიკე დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა. 2010 წელს დონეცკელთა მეორე გუნდის რიგებში ქართველმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. 2011 წელს იგი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, თუმცა მალევე იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გაუშვეს, რომელშიც მან ორი წლის განმავლობაში ითამაშა. 2014 წლის იანვარში ოქრიაშვილი ასევე იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, ჩაატარა 10 შეხვედრა და თავი სამჯერ გამოიჩინა.
ზაფხულში თორნიკე დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა. ამ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური ბელგიური „გენკი“ აღმოჩნდა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს – ოქრიაშვილი კლუბში მალევე ჩაირიცხა და მალევე დიდ სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ამის გამო ღამის გატარება ფეხბურთელს განყოფილებაში მოუწია. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა. თურმე, ოქრიაშვილი „კორტრაიკთან“ მატჩში მოგებას თანაგუნდელ ანელე ნგკონგკას სახლში ზეიმობდა, სადაც მისი კიდევ ორი თანაგუნდელი იმყოფებოდა. ნასვამმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს რაღაცის გაყოფა ვერ შეძლეს, რაც ჩხუბშიც გადაიზარდა. რასაკვირველია, „გენკის“ ხელმძღვანელობამ ამისთვის ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ოქრიაშვილმა კი, თანაგუნდელს ოფიციალურ ვიდეოშიც მოუბოდიშა. შემდეგივე ტურის შეხვედრაში თორნიკემ გოლის გატანა მოახერხა და თითქოს, ეს სკანდალი ყველას უნდა დაევიწყებინა. თანაც, ამის ალბათობას სექტემბერში ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლი ზრდიდა. ლოგიკურად, კარგი თამაშისა და უსიამოვნო ინციდენტების მოგვარების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თავისი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის განმავლობაში ასეც იყო, რამდენჯერმე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამწუხაროდ, მალევე ოქრიაშვილმა თანამემამულის, ჯანო ანანიძის ბედი გაიზიარა. ოქტომბრის შუა პერიოდში თორნიკე „გენკის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, რისი მიზეზის ამოცნობა მკითხველისათვის ადვილი უნდა იყოს… დიახ, ოქრიაშვილმა დისციპლინა დაარღვია. თუმცა, ანანიძესგან განსხვავებით, მან არა მატჩი, არამედ ვარჯიში გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამაც ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ მოთამაშის აყვანისას ყურადღებას არამხოლოდ მის თამაშს, არამედ მისი პასუხისმგებლობის უნარსაც მიაქცევდა.
ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობები რომ გააჩნიათ, ამაში მათ გულშემატკივრები მოყვანილ მაგალითებზეც დაარწმუნეს, თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატების მისაღწევად საკმარისი არც ეს ყოფილა… იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მისმა თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მხრიდან პროფესიონალურად მოქცევის იმედად ვიყოთ…