გიორგი მერებაშვილი: “ამოვიდა ყელში უკვე”
ბერძნული “ოფის” ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 28 წლის ფეხბურთელი წერს, რომ მას ნაკრებში შანსი არასოდეს მისცემია.
14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ მომდევნო მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებში გამოძახებულებს შორის ვერ მოხვდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.
“ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, რომ ზედმეტი კითხვებისგან აღარ შემაწუხოთ. ნებისმიერ ადამიანს სადაც უნდა იქ დავუჯდები და დაველაპარაკები. ნაკრებში შანსი არასოდეს მომცემია და ყველგან დავწერ, ამოვიდა უკვე ყელში. თქვენ თუ შანსს ბოლო 15-25 წუთს ეძახით და ისიც იმ ადგილას თამაშს, სადაც ყველაზე ცუდად გამომდის, ესეიგი შანსი მართლაც ვერ გამომიყენებია”, – წერს მერებაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის 9 თებერვალს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა. თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.