“სიონი” – “ტორპედო” 1:0
6 ნოემბერს საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის 4 მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონმა“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ისტუმრა.
შეხვედრას ქუთაისელები დიდი დანაკლისით ხვდებოდნენ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან: ბექა ტუღუში და ოთარ კვერნაძე ტრავმების, ხოლო ნიკო კვასხვაძე კი მამის გარდაცვალების გამო ვერ იღებდნენ მონაწილეობას. დისკვალიფიკაცია ჰქონდა თენგიზ ჩიკვილაძეს, რომლის არყოფნაში „ტორპედოს“ კაპიტნის სამკლავურით წინ ვაჟა ტაბატაძე გაუძღვა.
თამაშის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ტორპედომ“ პირველი ზუსტი დარტყმა მეტოქის კარში მე-8 წუთზე განახორციელა, კერძოდ, ეს გოგი ფიფიამ გააკეთა, რომელსაც მეკარემ მოუგერია. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ეს ზუსტი დარტყმა ამ მატჩში უკანასკნელიც იყო სტუმართა მხრიდან. შემდეგი ეპიზოდი კი ყველაზე რეალური მათ შორის, რაც კი ქუთაისელებმა დღეს შექმნეს: მე-20 წუთზე, პირობითი მასპინძლები გოლს აშკარად გადაურჩნენ, ფიფიამ მარკოზაშვილისგან მიიღო ბურთი და ათიოდე მეტრიდან „მარცხენათი“ დაარტყა, მაგრამ დღესაც აქტიური ტორპედოელისთვის სასურველი ტრაექტორიით ბურთი არ წასულა. „სიონმა“, სულ ორჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან ერთხელ თებიძე ჩაერთო თამაშში. არც ერთ შემთხვევაში ეპიზოდს ხიფათი არ მოჰყოლია. საგოლე მომენტებს რომ თავი დავანებოთ, იშვიათად იყო გამწვავებებიც კი, როგორც ერთ, ისე მეორე კართან და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 0:0.
მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა. რევაზ ძოძუაშვილმა ქებურიას ნაცვლად მოედანზე თოდუა შეიყვანა, რომელიც მარჯვენა მცველად გაამწესა, ტაბატაძე კი შუა ნახევარმცველად გადაიყვანა. 49-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე ბურთი აბრამიძემ მოიპოვა, ცოტაოდენი მანძილი ბურთიანად გაირბინა და მარცხნივ ფიფია მონახა, ამ უკანასკნელმა კი მის გვერდით – ბაბუნაშვილი, რომელმაც ბადეში გაახვია ბურთი, თუმცა გვერდით მსაჯს უკვე თამაშგარის მანიშნებელი ალამი ჰქონდა აწეული. გამეორებაზე ჩანს, რომ ზაალ ბერულავას გადაწყვეტილება ამ დინამიურ ეპიზოდში ძალზედ საკამათო იყო(იხილეთ ვიდეო), თუმცა, აქ ქრონოლიგიას დავარღვევთ და მოგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ დღევანდელი მარცხის მსაჯზე დაბრალება უპრიანი არ იქნება. ბოლნისელებმა სწორედ ამის შემდეგ გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი. მათი ორი უშედეგო თავურის შემდეგ, მესამე ცდაზე სხეულის იგივე ნაწილით შესრულებული შედეგიანი დარტყმაც ვიხილეთ, 55-ე წუთზე, შორ მანძილზე დანიშნული „სტანდარტიდან“ კარისკენ ბურთის ჩაწოდებით გივი კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში – 1:0. დარჩენილ დროში გააქტიურებული „ტორპედო“ მეტოქეს კი ავიწროებდა, მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, პირიქით, წინ წასულებს რამდენიმე კონტშეტევა გამოეპარათ, რითაც „სიონმა“, რომელიც ამ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო, ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, სამჯერ კი თებიძემ ითამაშა დამაჯერებლად. ეს იყო და ეს, „ტორპედომ“ ჩემპიონატში მესამე მარცხი განიცადა(0:1) და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუარესა.
FCTorpedo.GE