რუსთავმა ქუთაისს სეზონის პირველი მარცხი აგემა (მატჩისშემდგომი კომენტარები)
სუპერლიგის გათამაშებაში მე-3 ტურამდე 3 გუნდი იყო დაუმარცხებელი – „დინამო“, „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ეს ბოლო ორი გუნდი ერთმანეთს დღეს რუსთავში შეხვდნენ და ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრადაც მათი დაპირისპირება მიიჩნეოდა.
საბოლოო ანგარიში მიანიშნებს, რომ ბრძოლა არ შედგა. მასპინძლებმა 18 ქულის სხვაობით – 85:67 მოუგეს ქუთაისელებს და “დინამოსთან” ერთად მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლად დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბი იოლად არ დანებებულა – მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილი ქუთათურები ბოლომდე ბრძოლობდნენ, თუმცა გაცილებით უკეთ მოთამაშე რუსთაველებთან ვერაფერს გახდნენ.
რუსთაველებმა თამაში თავიდანვე შედეგიანად დაიწყეს და ჯერ 13:2 იგებდნენ,შემდეგ კი 22:8 დაწინაურდნენ. რუსთაველები კომბინირებულად უტევდნენ შორი დისტანციიდან და ფარქვეშიდან – მათ ორივე პოზიციიდან წარმატებით გამოსდიოდათ თამაში, ხოლო ქუთაისელებს არც სისწრაფე ჰყოფნიდათ და არც სიზუსტე.
მატჩის შემდეგ ქუთაისელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მედეა მხეიძემ თავისი გუნდის უშედეგო თამაში ძირითადად სავარჯიშოდ საჭირო პირობების არქონას დააბრალა. ქუთაისის სპორტის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც კლუბს ვარჯიში არასტანდარტულ, სპორტსკოლის დარბაზში უწევს.
ქუთაისელთა თამაშში ხარვეზები აშკარად შეინიშნებოდა და ამან საბოლოო შედეგზე გავლენაც იქონია. მაქსიმუმი, რაც სტუმრებმა შეძლეს, მესამე მეოთხედში ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო. რუსთაველთა ფორვარდები – მიხეილ ჭოჭუა, გოგა ცეკვავა და ამერიკელი ჰეიდენ ჰამსი მაღალი შედეგიანობით ირჯებოდნენ, აკაკი დვალიშვილი კი სამწამიანში ბატონობდა და სტუმრებს თამაშის გადარჩნის შანსი არც მისცემიათ.
ბოლო მეოთხედში რუსთაველთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც საბოოოდ გაირკვა. გამარჯვებულებს 22 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა,რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა ჰეიდენ ჰამსმა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხნა მიითვალა. ცეკვავამ 15 ქულა, 7 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. სტუმართაგან 12 ქულით ბომბარდირი ახალგაზრდა ლევან გრძელიძე გახდა.
მე-3 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მიხეილ ბერუშავილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
– მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ძლიერი მეტოქე დაამარცხეს. „ქუთაისი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და ცოტა გამიკვირდა, ბოლომდე დაძაბული მატჩი რომ არ გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უმატებს და იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი გაგრძელდება.
მედეა მხეიძე, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
– ბევრი შეცდომა დვუშვით, გუნდი არ იყო სათანადოდ მომზადებული და შედეგიც არაა გასაკვირი. სრულფასოვანი ვარჯიში არ ჩაგვიტარებია – არასტანდარტულ, სპორტსკოლის დარბაზში ვვარჯიშობთ და ამის კვალი დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. ამ წაგებას ის დადებითი მხარე აქვს, რომ დაგვანახა, თუ რაზე გვაქვს სამუშაო. სეზონი ახალი დაწყებულია, წინ დიდი ბრძოლები გველის და მჯერა, რომ სწორი მუშაობით თამაშის სრულყოფას შევძლებთ.
superleague.ge