„ლივერპული“ – „ჩელსი“ 1:2 (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ჩელსი“ მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
არადა, ანგარიში ბრენდან როჯერსის გუნდმა გახსნა. უკვე მეცხრე წუთზე ემრე ჩანის დარტყმული რიკოშეტით ტიბო კურტუას კარში აღმოჩნდა, ბელგიელი მეკარე ბურთის საპირისპიროდ წავიდა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ოთხ წუთში წონასწორობა გარი კეიჰილმა აღადგინა, რომელმაც კუთხურის შემდეგ მერსესაიდელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ზუსტად კარისკენ დაარტყა – მინოლემ ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა ვერ მოახერხა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში უფრო აქტიურები „ჩელსის“ მოთამაშეები იყვნენ, თუმცა „ლივერპულის“ მხრიდან კოუტინიოს შორეული დარტყმის აღნიშვნაც შეიძლება, რომელიც კურტუამ მოიგერია.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა, რამაც შედეგი ლონდონელთათვის 67-ე წუთზე გამოიღო, როდესაც, ოსკარის ბრწყინვალე გარღვევის და საჯარიმოში ჩაწოდების შედეგად, დიეგო კოშტამ ზუსტად დაარტყა – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე მომენტი შექიმნა.
ამ გამარჯვებით „არისტოკრატებმა“ 29 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზე დარჩნენ. რაც შეეხება „ლივერპულს“, „წითლები“ ამჟამად 14 ქულით მეშვიდე საფეხურზე იმყოფებიან, თუმცა მათი გასწრების შანსი ერთდროულად ექვს გუნდს აქვს, რომელიც ამ ტურში მოგვიანებით ითამაშებს.
„ლივერპული“ – „ჩელსი“ 1:2
გოლები: ჩანი 9′ – კეიჰილი 13′, დიეგო კოშტა 67′
გაფრთხილებები: სტერლინგი 43′, ბალოტელი 65′ – ივანოვიჩი 49′, მატიჩი 69′, ოსკარი 83′, დიეგო კოშტა 87′, კურტუა 90′