ცნობილაძე: „პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს“
რუსთავის „მეტალურგი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მეცხრე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში რუსთაველთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 20 წლის ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძეა, რომელიც გულშემატკივრებს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოსვლით უნდა ახსოვდეს. დაჩიმ საქართველოს პირველობის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი გოლი გაიტანა, რითაც ამჟამად თავისი გუნდის ბომბარდია. ფეხბურთელი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.
– მიმდინარე სეზონში „მეტალურგის“ მართლაც გამორჩეული მოთამაშე ხარ, რაზეც არამხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. თვითონ როგორ შეაფასებდი საკუთარ გამოსვლას?
ჩემი პირველი სრულფასოვანი სეზონია „მეტალურგში“ და ვფიქრობ, რომ როგორც გუნდი, ასევე მეც, წარმატებით ვთამაშობთ. კონკრეტულად ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თამაშიდან თამაშემდე ვპროგრესირებ, რაც ვალერი კილასონიას დამსახურებაა, მისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. გოლებს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ ოთხჯერ გავიტანე და გუნდის წარმატებაში პატარა წვლილი შევიტანე.
– უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი მართლაც ძალიან მჭირდოა. ამჟამად „მეტალურგი“ 16 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა, ყველაფერი, რამდენიმე ტურში, შესაძლოა, როგორც სასიკეთოდ, ასევე უარესობისკენ შეიცვალოს. რა მიზნები აქვს დასახული კლუბს?
მართლაც, თითოეულმა ქულამ, შეიძლება, პოზიციის მნიშვნელოვანი შეცვლა გამოიწვიოს. რაც შეეხება გუნდის მიზანს, ჩვენი მიზანი ჩემპიონატის სტარტზე, ახალგაზრდული ასაკიდან და კლუბში ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მაღალი ადგილების დაკავების პრეტენზია. გამოჩნდა, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდს უმაღლეს ლიგაში წარმატებულად თამაში შეუძლია.
– როგორც ვახსენეთ, მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანე. მათ შორის რომელიმეს განსაკუთრებულად ჰომ ვერ გამოარჩევდი?
ოთხი გოლიდან ზოგი გამართლების, ზოგიც კი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიტანე. გამოვარჩევდი პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გატანილ გოლს, რომელიც, როგორც ლამაზი, ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თანაც, უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი პირველი გოლი იყო.
– „მეტალუგი“ ბოლო ორ მატჩში დამარცხდა. ისახება თუ არა ეს გუნდის მდგომარეობაზე თუნდაც ვარჯიშების დროს?
ჩვენი გუნდი ძალიან მეგობრული და ერთიანია. თითოეული ფეხბურთელი თამაშის წაგების შემდეგ უფრო კონცენტრირებული და მობილიზირებულია, რათა წარუმატებელი სერია, რაც შეიძლება მალე შევწყვიტოთ. ცუდი თამაში კი, ვარჯიშებზე გავლენას არ ახდენს.
– გულშემატკივარს თავი ჯერ კიდევ 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშით დაამახსოვრე. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?
17-წლამდელებში თამაში ისე ვერ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ და გულშემატკივარს გვსურდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შედეგი 19 წლამდე ნაკრებში მივიღეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე აისახა. ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდი იყო. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ.
და ბოლოს, რახან ასაკობრივ ნაკრებზე გკითხე, არ შემიძლია, ეროვნულ ნაკრებსაც არ შევეხო. საინტერესოა, შენი პოლონეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებული პროგნოზი…
რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს. მოახლოებულ თამაშში ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.