ბექა ბურჯანაძის 9 ქულა და მარცხი აუტსაიდერთან
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის გუნდმა. „კორუნა ლეიმა“ სტუმრად ბოლოადგილოსან „რინკონს“ შეხვდა და 73:82 წააგო. აღსანიშნავია, რომ ლაკორუნიელთა მეტოქესთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ბექამ საბოლოო ჯამში 9 ქულა და 3 მოხსნადააგროვა, 1-ჯერ დაჯარიმდა და მეტოქემ მასზე 4-ჯერ დაარღვია წესები.
რაც შეეხებათ საუკეთესოებს, „კორუნას“ დანიელ ვუიასინოვიჩმა (11 ქულა, 4 პასი, 4 ჩაჭრა) და კაილი როულიმ (13 ქულა, 9 მოხსნა) ულიდერეს. გამარჯვებულთაგან 24 ქულით ბომბარდირი რიკარდო გუგუილენი გახდა.
3-3 მოგებ-წაგებით ლაკორუნიელები მე-9 ადგილზე არიან და მორიგ მატჩს 16 ნოემბერს, შინ „ოურენსესთან“ ჩაატარებენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური