პირველი მერვედფინალური მატჩი
2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის რიგით XXIV გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
საჩხერელთა და ზესტაფონელთა შორის დღეს გამართული სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოედანზე მიმდინარეობდა ბრძოლა ტერიტორიული უპირატესობის დასაუფლებლად, რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. გუნდები ოპონენტის მეკარისათვის დისკომფორტის შექმნას ძირითადად შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა ბოიან პავლოვიჩიც და მაქსიმე ქვილითაიაც თავის მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებდნენ.
თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა – ზესტაფონელები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. გოლის გატანის პირველი რეალური შესაძლებლობა მიეცა ჯაბა დვალს, თუმცა ახლო მანძლიდან მისი დარტყმულის მოგერიება საჩხერელთა გოლკიპერმა თავგანწირულ ნახტომში მოახერხა.
მალევე ერთსა და იმავე შეტევაში გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ ავთო ენდელაძე და მიხეილ სარდალიშვილმა, მაგრამ ერთმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ხოლო მეორემ ბურთის შორეულ კუთხეში გადაგზავნა სცადა, თუმცა ეს არაზუსტად გააკეთა.
ზესტაფონელები მეტოქის კარის გასაღების პოვნას თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ და მატჩის მიწურულს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შანსი გიორგი ილურიძეს მიეცა. მარგველთა ფორვარდი საჩხერელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა და უძლიერესად დაარტყმა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა ქვილითაიას კარს. დასანანი უგოლო ფრე – 0-0.
FCZestafoni.GE