მორიგი იმერული დერბის წინ სათქმელი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება – 22 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი ადგილობრივი “ტორპედოსა” და ”ზესტაფონის” რიგით ოცდამესამე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის დღემდე გამართულ 22 საჩემპიონატო მატჩში 10-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 7 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში კი მინიმალურ უპირატესობას მარგველები ფლობენ – 21:20.
ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს იმერული დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა – სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში სწორედ “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა და ქუთათურებს ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტიც მოაპოვებინა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძეს გაუტანია – იონას ანგარიშზე 6 გოლია.
ქუთაისის “ტორპედოსთან” შაბათს, 22 ნოემბერს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.
ჩვენ კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
FCZestafoni.GE