NBA-ს ისტორიაში პირველმა ჰომოსექსუალმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა
გასულ სეზონში „ბრუკლინ ნეტსის“ რიგებში მოთამაშე ჯეისონ კოლინსმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
„ბრუკლინის“ გარდა, სხვადასხვა სეზონში კოლინსი „ნიუ-ჯერსის“, „მემფისის“, „მინესოტას“, „ატლანტას“, „ბოსტონისა“ და „ვაშგინტონის“ რიგებში თამაშობდა.
„NBA-დან წასვლას ოფიციალურად ვადასტურებ. ბოლო 18 თვე რთული იყო. ამერიკულ ფეხბურთში, ჰოკეიში და ბეისბოლში ჯერ არავინაა, ვინც იმის შესახებ განაცხადა, რომ ჰომოსექსულია. დამიჯერეთ, ისინი არიან. გეიები სპორტის ნებისმიერ სახეობაში არიან. ზოგ მათგანს პირადად ვიცნობ“, – განუცხადა კოლინსმა „ Sports Illustrated“-ს.
შეგახსენებთ, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კალათბურთელმა ღიად 2013 წლის აპრილში ისაუბრა. იმავე წლის ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი გახდა და თებერვლამდე მისთვის „ბრუკლინის“ გარდა, კონტრაქტი არავის შეუთავაზებია.
აღსანიშნავია, რომ კოლინსის განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად MLS-ის ფეხბურთელმა რობი როჯერსმაც ისაუბრა.