„ინტერმა“ „დნიპრო“ დაამარცხა, „ევერტონმა“ გასვლაზე გაიმარჯვა, „ნაპოლიმ“ ჩეხეთში ვერ მოიგო (ვიდეო)
ხუთშაბათს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში „ციურიხმა“ ლიმასოლის „აპოლონი“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო პარალელურ შეხვედრაში „ვილიარეალმა“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფის სატურნირო ცხრილს 9 ქულით „ბორუსია“ ლიდერობს, 1 ქულით მას „ვილიარეალი“, ხოლო 2 ქულით „ციურიხი“ ჩამორჩება. ამრიგად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, რომელშიც „აპოლონი“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, „ბორუსია“ კი „ციურიხს“ მიიღებს.
საინტერესო სიტუაცია B ჯგუფშიცაა. ფინურმა „ჰიკმა“ შინ „კოპენჰაგენი“ მიიღო და დანიელები 2:1 დაამარცხა, რითაც 6 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე ავიდა და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ჯერჯერობით ამ ჯგუფის ლიდერებმა „ტორინომ“ და „ბრიუგემ“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს. ბოლო ტურში „ჰიკი“ ბრიუგეში გაემგზავრება.
პლეიოფის საგზური „ტოტენჰემმა“ გაინაღდა, რომელმაც ბელგრადის“ პარტიზანი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. უხვგოლიანი გამოდგა ამავე ჯგუფის მეორე მატჩი – „ასტერას ტრიპოლისმა“ „ბეშიქთაშთან“ 2:2 ითამაშა. შედეგად, C ჯგუფს 11 ქულით „ტოტენჰემი“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე 9 ქულით „ბეშიქთაში“ იმყოფება. ხსენებული ფრით „ასტერასმა“ 5 ქულით ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
პლეიოფის საგზური D ჯგუფის ორ გუნდსაც განაღდებული აქვს. „დინამო ზაგრების“ დამარცხების მიუხედავად, „ასტრა“ 4 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო გასვლაზე „სელტიკის“ 1:3 დამარცხებით „ზალცბურგმა“ პირველი ადგილიც გაინაღდა. ამჟამად ავსტრიულ კლუბს 13 ქულა აქვს, გლაზგოელებს კი 8 ქულა დაუგროვდათ.
E ჯგუფის ლიდერმა მოსკოვის „დინამომ“ პირველი ადგილიც გაინაღდა. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა „პანაითინაიკოსი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „ეშტორილისა“ და პსვ-ს მატჩი კი ხვალ გაიმართება. ამჟამად „დინამოს“ 15 ქულა აქვს, ხოლო პსვ-ს – 7.
პირველადგილოსანის ვინაობა F ჯგუფშიც გაირკვა. მილანის „ინტერმა“, რომელმაც 10 კაცით კუზმანოვიჩსა და ოსვლადოს გოლებით დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ 2:1 დაამარცხა, 11 ქულა დააგროვა. პარალელურ შეხვედრაში „სენტ-ეტიენმა“ და აზერბაიჯანის „ყარაბახმა“ ფრედ 1:1 ითამაშეს. ამრიგად, ჯგუფიდან გასვლის შანსი ერთდროულად სამ გუნდს აქვს. ამჟამად მეორე ადგილზე 5 ქულით „სენტ-ეტიენი“ იმყოფება და „ყარაბახს“ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობით სჯობს. „დნიპრო“ 4 ქულით ბოლოა. გადამწყვეტ ტურში უკრაინელები „სენტ-ეტიენს“ მიიღებენ.
ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა G ჯგუფში, რომლს მეხუთე ტურში „ფეინოორდმა“ შინ „სევილია“ 2:0 დაამარცხა. იგივე ანგარიშით ლიეჟის „სტანდარტთან“ მატჩში „რიეკამ“ იმარჯვა. 9 ქულით ჯგუფს „ფეინოორდი“ ლიდერობს, ქულით მას „სევილია“, ხოლო 2 ქულით „რიეკა“ ჩამორჩება. ბოლო ტურში ერთმანეთს სწორედ „სევილია“ და „რიეკა“ დაუპირისპირდებიან და, სავარაუდოდ, ერთმანეთში მეორე ადგილს გაათამაშებენ.
გასვლაზე ლუკაკუსა და მირალასის გოლებით „ევერტონმა“ „ვოლფსბურგს“ სძლია და 11 ქულით პირველი ადგილი გაინაღდა. ჯგუფის სხვა მატჩში „კრასნოდარი“ და „ლილი“ ერთამანეთს დაუზავდნენ (1:1).
ყველაზე საინტერესო მდგომარეობა, ალბათ, I ჯგუფშია. აქ 10-10 ქულა „ნაპოლისა“ და პრაგის „სპარტას“ აქვთ, რომლებმაც ხუთშაბათს ფრედ 0:0 ითამაშეს. სამაგიეროდ, ბრატისლავაში „იანგ ბოიზმა“ „სლოვანი“ დაამარცხა და 9 ქულით პლეიოფის საგზურის მიღების შანსები შეინარჩუნა. ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სლოვანს“ უმასპინძებს, შესაბამისად, „იანგ ბოიზი“ „სპარტას“ მიიღებს.
J ჯგუფში „დინამო კიევმა“ „რიო ავე“ 2:0 დაამარცხა და 12 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზედარჩა. პარალელურ მატჩში AaB-მა ბუქარესტიას „სტიაუა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.
K ჯგუფის უდავო აუტსაიდერმა მინსკის „დინამომ“ პაოკი მიიღო და მატჩის ბოლოს სტეფანოს ანათასიადისის დუბლით ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მეორე მატჩში „გენგამმა“ „ფიორენტინა“ მიიღო და 1:2 წააგო. ამრიგად, ფლორენციელებმა 13 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილიც მოიპოვეს. პაოკ-სა და „გენგამს“ 7-7 ქულა აქვთ, თუმცა ბერძნულ კლუბს გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი აქვს (+4; 0). ბოლო ტურში სალონიკელები სწორედ ფრანგულ კლუბს უმასპინძლებენ.
L ჯგუფის მატჩში ბელგიურმა „ლოკერენმა“ ვარშავას „ლეგია“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. პარალელურ შეხვედრაში „ტრაბზონსპორმა“ ხარკოვის „მეტალისტს“ 3:1 სძლია. 12 ქულით ამ ჯგუფს „ლეგია“ ლიდერობს, ხოლო 2 ქულით მას „ტრაბზონსპორი“ ჩამორჩება. ამ ჯგუფის ბოლო ტური სწორედ ორი ლიდერის მატჩით გამოირჩევა.