ბათუმელთა გამარჯვება ზესტაფონში
მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა.
ზესტაფონელთა და ბათუმელთა დღევანდელი მატჩი, რომელიც ძლიერი წვიმის აკომპანემენტით წარიმართა, უხვგოლიანი გამოდგა და დავით აბაშიძიზე შეკრებილი პუბლიკისთვის მოულოდნელი შედეგით – სტუმართა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.
შეხვედრის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, ისინი გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საკმაოდ კარგი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. სტუმართა პირველივე სახიფათო იერიში კი გოლით დასრულდა – 18-ე წუთზე აჭარელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ბერიანიძის გარღვევა იმერელთა საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემითა და თეიმურაზ შონიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
ანგარიში მალევე გათანაბრდა – 25-ე წუთზე “დინამოს” საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე ავთო ენდელაძემ აიღო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი ილურიძის თავურის შემდეგ ის მიხეილ ალავიძის კარის ბადეში აღმოჩნდა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე სტუმრებმა კიდევ ორი გატანილი გოლით დაამწუხრეს “ზესტაფონი” – 39-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ხაზის შეცდომით კარგად ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, ხოლო 43-ეზე ბოიან პავლოვიჩმა ვერ მოახერხა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გელა გოგიტიძის მიერ დარტყმულის გამკლავება.
შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე ზესტაფონელები საქმის გამოსწორებას შეეცადნენ და ერთმანეთის მიყოლებით სამი საგოლე მომენტი გააცუდეს – ზედიზედ ორ ეპიზოდში გატანა შეეძლო ჯაბა დვალს, ერთხელაც ბათუმელთა კარი გოლს ავთო ენდელაძის თავურის შემდეგ გადაურჩა.
ამის შემდეგ სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვედან ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადეს და ერთი სახიფათო, მაგრამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 66-ე წუთზე გიორგი ბერიანიძემ მეოთხე გოლი გააიტანა და ანგარიში დიდამდე გაიზარდა. მატჩის დასკვნით ნაწილში დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ერთადერთი, რის შეცვლაც ზესტაფონელებმა მოახერხეს, 74-ე წუთზე გიორგი ხიდეშელის მიერ გატანილი გოლი გახლდათ…
FCZestafoni.GE