“შუქურა” – “ტორპედო” 2:1
30 ნოემბერს, საქართველოს 26-ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „ჩელე არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა.
ტრავმების გამო „შუქურასთან“ მატჩს ტრიბუნიდან ადევნეს თვალი ტორპედოელებმა ვაჟა ტაბატაძემ და ბექა ტუღუშმა. სიახლე იყო „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში 20 წლის მეკარის, საბა ცაბუტაშვილის გამოჩენა, რომელსაც დღეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა. თამაშის დასაწყისმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და უკვე დებიუტშივე მათ ორი რეალური საგოლე მომენტი გაანიავეს, უფრო კონკრეტულად ჩაფიძემ, რომელმაც ორივეჯერ ფეხით ვერ მოახვედრა მიზანში. მე-8 წუთზე, მეტრეველს დაუმორჩილა ბურთი ცაბუტაშვილმა. მე-11 წუთზე, ფიფიამ დაარტყა ძლიერად შორი მანძილიდან, ამჯერად თამაშში მეკარე კაკალაძე ჩაერთო და ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. მე-13 წუთზე, კვერნაძემ განახორციელა დრიბლინგი და ძალზედ მახვილი კუთხიდან დაარტყა კარში, მეკარეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. მე-17 წუთზე, კვერნაძეს თავითაც ჰქონდა კარის აღების მცდელობა, მაგრამ თოდუას ჩაწოდებით მან სანტიმეტრებით ააცილა კარს. „ტორპედოს“ პირველ ტაიმში მეტი გამოსარჩევი აღარაფერი შეუქმნია. „შუქურამ“ კი არაერთხელ შეაწუხა ტორპედოელი მეკარე, ყველაზე მეტჯერ ეს ჩაფიძემ გააკეთა(ამ უკანასკნელთან ერთად დღეს აქტიურები იყვნენ ექსტორპედოელები: გურული და კუხიანიძე), რომელმაც ერთხელ ძელსაც მოარტყა, თუმცა როგორც მან, ისე მისმა თანაგუნდელებმა ტაიმებს შორის შესვენებამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს – 0:0.
მეორე ტაიმში სახიფათო მომენტებმა იკლო. მიუხედავად ამისა გოლები სწორედ დასკვნით მეორედში გავიდა. 52-ე წუთზე, „შუქურამ“ სტანდარტული მდგომარეობიდან შეძლო ანგარიშის გახსნა, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ბურთი დავით ხოჭოლავამ ერთშეხებაში გადაგზავნა კარში – 1:0. მდევრი რანგში ჩავარდნილი „ტორპედო“ ოდნავ გამოფხიზლდა და ანგარიშიც გაათანაბრა: 65-ე წუთზე, ჩიკვილაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში, სადაც გოგი ფიფიამ შეასრულა ლამაზი თავური დარტყმა და ქუთაისელთა მაისურით ჩემპიონატში მისი პირველი გოლი გაიტანა – 1:1. თამაში თანაბარ ორთაბრძოლებში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა 82-ე წუთი, როცა სტუმართა დაცვის შეცდომით მეკარესთან პირისპირ შუქურელი ზაზა ტუღუში გავიდა და მისი შედეგიანი დარტყმით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:1. „ტორპედომ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი ვერ მოიგო, ამ წაგებით კი გათამაშების ცხრილში დაღმასვლა განიცადა და მე-12 ადგილზე ჩამოქვეითდა.
FCTorpedo.GE