,,მგზავრებმა” და ,,ოლიმპმა” იოლი გამარჯვებები მოიპოვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ 2 შეხვედრას საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
დღის პირველ მატჩში ,,მგზავრები-არმიამ’’ ყოველგვარი გართულებების გარეშე დიდი სხვაობით – 104:49 დაამარცხა ,,მაქაბი’’ და მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა დიდ შესვენებაზე არმიელები უკვე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. არადა, პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ,,მგზავრებს’’ მინიმალური უპირატესობა ჰქონდათ – 21:20. მეორე მეოთხედიდან კი ბოლქვაძის, სანაძის, გოგალაძის და ზაქრაძის შედეგიანი თამაშის წყალობით ,,მგზავრები-არმიამ’’ სერიოზული ლიდერობა მოიპოვა.
მეორე ნახევარში თამაშს აზრი დაეკარგა, მგზავრებიდან ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. მატჩის ბოლო ხუთწუთეულში ,,მგზავრებმა’’ ,,მაქაბს’’ 27:0 (!) გაქცევა მოუწყო და გამანადგურებელი ანგარიშით – 104:49 იმარჯვა.
გამარჯვებულებს 23ქულით სანდრო სანაძემ ულიდერა, 17 ქულა მიითვალა ლევან გოგალაძე, ლუკა ზაქრაძეს კი 13 ქულა დაუგროვდა.
,,მაქაბის’’ რიგებში თამაშის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა დავით ქარციძემ – 18ქულა, 12მოხსნა, მაიზერ რევაზაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მაქაბი – მგზავრები-არმია 49:104
მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ძალიან კარგად იასპარეზეს და ყველაფერი სწორად გააკეთეს. რაც შეეხება ჩემს გუნდს, არც ერთ მოთამაშეს არ წაუვიდა თამაში და ვერ მოვახერხე გუნდის დალაგება, ბიჭები არ იყვნენ მზად იმ პრესინგისთვის გაეძლოთ, რასაც მოწინააღმდეგე თამაშობდა. ამიტომ, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.
დიმიტრი ჟაკობოვი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგეს თამაშისთვის და მივულოცო ჩემს გუნდს, რომელმაც მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ბიჭებმა გამოავლინეს საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა, ძალიან კარგად იასპარეზეს დაცვაში. თამაში დიდი მოტივაციით და კონცენტრაციით დავიწყეთ. დაცვაში საკმაოდ მტკიცედ და აგრესიულად ვითამაშეთ და მეტოქის მოთამაშეებს არ ვაძლევდით ზუსტი შეტევების განხორციელების საშუალებას, განსაკუთრებით, ,,მაქაბის’’ ლიდერს, მაიზერ რევაზაშვილს. ამან საშუალება მოგვცა შეტევაში უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად გვეასპარეზა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ბიჭებს და მადლობას ვეუბნები ენთუზიაზმის, თავდადების და შრომისმოყვარეობისთვის. ეს გამარჯვება უკვე წარსულია, მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელშიც ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს. თამაშს აუცილებლად მეტოქის მიმართ პატივისცემით და დიდი პასუხისმგებლობით მივუდგებით.
მეორე შეხვედრა შედარებით საინტერესო გამოდგა, თუმცა ეს უფრო მატჩის პირველ ნახევარზე ითქმის. ,,ოლიმპმა 88:65 დაამარცხა ,,აკადემია’’, რომელსაც აქამდე ჩატარებული არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
პირველ პერიოდში მცირე უპირატესობას აკადემიელები ფლობდნენ, თუმცა ოლიმპელებმა მათ გაქცევის საშუალება არ მისცეს და ,,აკადემიამ’’ მეოთხედი მხოლოდ 3-ქულით – 21:18 მოიგო. მეორე პერიოდში კვლავ თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა და ტაიმის მიწურულს სხვაობა არ შეცვლილა – 39:36.
მეორე ნახევარში ,,ოლიმპმა’’ ბევრად სწრაფი,ზუსტი და ეფექტური თამაში აჩვენა, გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, როცა აბულაძის, პულუზაშვილის და გამრეკლიძის ლიდერობით ოლიმპელებმა ,,აკადემიას’’ 19:0 გაქცევა მოუწყვეს და 57:43 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ,,ოლიმპს’’ მეტოქისთვის წინ გასვლის საშუალება აღარ მიუცია, ვითარება არც ბოლო ათწუთეულში დაძაბულა, პირიქით, ,,აკადემია’’ 20 ქულით ჩამორჩა და თამაშის გადარჩენის ყველა შანსი დაკარგა. ,,ოლიმპი’’ მშვიდად მივიდა სეზონის მე-3 გამარჯვებამდე.
,,ოლიმპი’’ მომდევნო შეხვედრას ხვალ, აკადემიის დარბაზში ,,სოხუმის’’ წინააღმდეგ 13:30 წუთზე გამართავს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – ოლიმპი 65:88
ლევან ქარაბაკი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,აკადემია’’ ერთ-ერთი ყველაზე შეთამაშებული გუნდია, ბავშვობიდან ერთად მოდიან და პირველი ორი პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში მოვახერხეთ კონცენტრირება, ინდივიდუალიზმის და მაღალი მოთამაშეების ხარჯზე უპირატესობა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. ხვალაც საკმაოდ დაძაბული თამაში გვაქვს და ვეცდებით, მომზადებულები შევხვდეთ.
ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, თუმცა შემდეგ ,,ოლიმპი’’ ძალიან კარგად ათამაშდა, იგრძნეს თამაში და ჩვენც ძალები აღარ გვეყო. შევეცდებით ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და გავაანალიზოთ. ვფიქრობ, არ ვართ უშანსოდ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ,,ოლიმპია’’.
http://u-20.ge/