საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა. 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები მომავალ ზაფხულს კონტინენტის პირველობის „ბ“ დივიზიონში იასპარეზებენ და წარმატების შემთხვევაში 2016 წლის ევროპირველობის „ა“ დივიზიონში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.
20-წლამდელთა ნაკრებს 9-19 ივლისს უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარში მოუწევს ასპარეზობა, სადაც „ბ“ ჯგუფში მისი მეტოქეები იქნებიან: ლუქსემბურგი, მონტენეგრო, პორტუგალია და სავარაუდოდ, კოსოვო. იასპარეზებს თუ არა ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატზე, ფიბა-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელმაც კოსოვოს საკუთარ ორგანიზაციაში მიღება-არმიღების საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს.
18-წლამდელთა ნაკრები 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ობერვარტში იასპარეზებს. საქართველო C ჯგუფში მოხვდა პორტუგალიასთან, შოტლანდიასთან, რუმინეთთან, შვედეთთან და სლოვაკეთთან ერთად.
16-წლამდელთა ნაკრები 6-16 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იასპარეზებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან უნგრეთი, შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი და ბელარუსი.
gbf.ge