პეტი: “საფრანგეთში ტიერი ანრი რატომღაც არ უყვართ”
ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთში ტიერი ანრის მიმართ ხალხის უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“საფრანგეთში ანრი რატომღაც არ უყვართ. ინგლისში მას პატივს სცემენ და ძეგლიც კი დაუდგეს. რა აქვთ ანრის მიმართ სასაყვედურო? ირლანდიის ნაკრების კარში ხელით გატანილი გოლი? ჩვენ ამ გოლმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოგვიტანა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, ფრანგები თვალთმაქცები და ლაჩრები არიან.
მაღიზიანებს ფრანგული პრესა, რომელმაც ანრისგან ასეთი სახე შექმნა. ჟურნალისტები საკუთარ თავს არასდროს აკრიტიკებენ და არც პატიებას ითხოვენ.
უეინ რუნი ინგლისში არ სძულთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანზე და მოედნის მიღმა ყოველთვის თავშეკავებულად არ იქცევა. ტიერი ანრის მინდორზე უხამსი ჟესტი არასდროს გაუკეთებია, არც პირად ცხოვრებაში აქვს რაიმე ლაქა.
ფრანგ ხალხთან ბევრი პრობლემა მაქვს: აქ უამრავ ამპარტავან, თავმომწონე, მატყუარა და ფარისეველ ადამიანს ვხედავ.
ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები: გერმანიას რომ დავეპყარით, უკეთესი იქნებოდა. გერმანია პოლიტიკურადაც გვჯობს, ეკონომიკურადაც და სპორტული თვალსაზრისითაც. თანამედროვე გერმანია ძალიან მომწონს”, – განაცხადა პეტიმ sports.fr-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.