რაგბი ევროპამ დაარსებიდან 80 წლისთავი აღნიშნა
2014 წლის 28-29 ნოემბერს, პარიზში, საბანკო ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” სათაო ოფისში გამართული 93-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, “რაგბი ევროპამ’ დაარსებიდან 80 წლისთავი აღნიშნა. საიუბილეო სხდომას დაესწრო 96 დელეგატი 42 წევრი რაგბის კავშირიდან, მ.შ. რაგბის სამშობლოს წარმომადგენლები (ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები და უელსელები), ფრანგები და იტალიელები. პარალელურად, პარიზშივე გაიმართა “რაგბი ევროპის” დირექტორთა საბჭოს სხდომა. “რაგბი ევროპის” აღმასრულებელი კომიტეტის კრება გაიმართა წინა დღეს, 2014 წლის 27 ნოემბერს.
“შესანიშნავი სხდომა გამოგვივიდა, მან ნამდვილად წაწია წინ “რაგბი ევროპა”. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და სპონსორობის საკითხებში; შეიცვალა – უფრო თანამედროვე და მარტივი გახდა ჩვენი წესდება, რომელიც ამიერიდან უფრო ეფექტურ მართვას და მეტ გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს,” ბრძანა “რაგბი ევროპის” პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.
“მოხარული ვარ, რომ ბრიტანული რაგბის კავშირების წარმომადგენლები ოფიციალურად გაწევრიანდნენ “რაგბი ევროპის” აღმასრულებელ კომიტეტში; იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად ნაყოფიერად ვიმუშავებთ ევროპაში რაგბის განსავითარებლად. რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა საფრანგეთის რაგბის ფედერაციასთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს. ასევე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო აღმასრულებელი კომიტეტის წევრად შვედეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ყოფილი მორაგბე ქალბატონის მადლენ ლაჰტის არჩევის ფაქტი – ეს “რაგბი ევროპის” აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია”
“რაგბი ევროპის” აღმასრულებელ კომიტეტს ასევე შეუერთდა ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელი რობ ედვინი, რომელიც დაინიშნა ბავშვთა და ჭაბუკთა რაგბის, განვითარების და სატურნირო კომიტეტების თავმჯდომარედ. მისი წინამორბედი, უელსის რაგბის კავშირის წარმომადგენელი მარტინ დევისი ამიერიდან შეცვლის ოქტავიან მორარიუს სანაკრებო და პროფესიული რაგბის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
“მსოფლიო რაგბის”, რაგბის მსოფლიო მმართველი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა, და ჩვენი ხაზინადარის ხოსე მარია ეპალზას სიფრთხილე და ეფექტურობა ფულადი რესურსების მართვაში საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა სტაბილურია. შეგვიძლია წინ გავიხედოთ და შევიმუშავოთ შემდგომი განვითარების, რაგბის ყველა ევროპულ ქვეყანაში შეტანის გეგმები. ამ მიმართებაში, აღსანიშნავია ბელორუსიისთვის ახლახანს “რაგბი ევროპის” სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება; ასევე მსურს მივულოცო კვიპროსს “მსოფლიო რაგბის” რიგებში გაერთიანება ასოცირებული წევრის სახით. ახლო მომავალში სლოვაკიის რაგბის კავშირიც გეგმავს “მსოფლიო რაგბში” გაწევრიანების განაცხადის შეტანას და ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას.”
“წინა სეზონის განმავლობაში, “რაგბი ევროპის” ეგიდით გაიმართა 1000-ზე მეტი მატჩი კაცთა, ქალთა, ჭაბუკთა 7კაცა და 15კაცა ნაკრებების, პროფესიული და სამოყვარულო გუნდების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საშეჯიბრო სტრუქტურის გადახალისებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული რაგბის საფუძველი, ჭეშმარიტი სარაგბო სულის და ფასეულობების მატარებელი სამოყვარულო რაგბია. სწორედ ამითაა გამორჩეული რაგბი სხვა სპორტის სახეობებისგან.”
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: communication@rugbyeurope.eu
Rugby.GE