ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)
20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა. „აკადემიამ“ დაძაბულ ბრძოლაში შესუსტებულ „მაკაბის“ სძლია, ხოლო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „ოლიმპმა“ „ქუთაისს“ იოლად მოუგო.
„მაკაბს“ აკლდა გამორჩეული ლიდერი, მაიზერ რევაზაშვილი. გუნდს არ ახლდნენ არც პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი – ჯამლეტ ხუხაშვილი და მიხეილ ხუხაშვილი. „მაკაბი“ ტურნირის ერთ-ერთ ლიდერთან სათამაშოდ ახალგაზრდა ლაშა ელბაქიძემ გამოიყვანა და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა კიდეც.
„მაკაბის“ მოთამაშეები სამაგალითოდ იბრძოდნენ და მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ კიდეც. იყო ეპიზოდი, როცა მაკაბელები 13 ქულით დაწინაურდნენ – ეს მესამე პერიოდის მე-3 წუთზე მოხდა, როცა ელბაქიძის გუნდი 47:34 გალიდერდა. შესანიშნავად თამაშობდა მაკაბელი თორნიკე გოგელაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 21 ქულა, 13 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
ბოლო პერიოდი მაკაბელთა 8-ქულიანი უპირატესობით დაიწყო და „აკადემიაც“ ამოქმედდა. საიმედო დაცვითი თამაშითა და სწრაფი შეტევებით აკადემიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინაც გავიდნენ. გელა წულაძის გუნდმა 15:0 გაქცევა მოაწყო და 7 ქულით ჩამორჩენა 8-ქულიან ლიდერობად აქცია. „მაკაბი“ გატყდა და გამარჯვებაც აკადემიელებს დარჩათ.
აკადემიელებს 30 ქულითა და 12 მოხსნით ბექა დარახველიძემ ულიდერა, 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ნიკა ღურწკაიამ, ხოლო თენგო ხუციშვილმა პირად ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.
მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. „ოლიმპმა“ 40 ქულის სხვაობით დაამარცხა „ქუთაისი“. შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ლევან ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა „ოლიმპელებმა 59:40 მოიგო.
გამარჯვებულებს 20 ქულით და 11 მოხსნით არჩილ პულუზაშვილმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ქუთაისის საკალათბურთო სკოლის აღზრდილმა უჩა გამრეკლიძემ, კახა ტომარაძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გიორგი გუმბერიძე გახდა, რატი ნუცუბიძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
ჩემპიონატის კიდევ 2 მატჩს უმასპინძლებს ხვალ საკალათბურთო აკადემია. „სოხუმი’’ „მაკაბის“ შეხვდება, ხოლო „მგზავრები-არმია“ – „რუსთავს’’.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მაქაბი – აკადემია 76:83
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია შეუსვენებლად თამაშები, ვარჯიშები და გადაღლილები ვართ. ეს დღესაც გამოჩნდა, თუმცა კლასის ხარჯზე, საბოლოოდ, მაინც მოვახერხეთ მოგება. ძალიან ბევრი შეცდომები იყო და ამას დაღლილობას ვაბრალებ. გამარჯვება ყველა შემთხვევაში სასიხარულოა და მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ.
ოლიმპი – ქუთაისი 106:66
ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’ მწვრთნელი): იოლ გამარჯვებას არ ველოდით, რადგან ,,ქუთაისს’’ ყოველთვის მებრძოლი გუნდი ჰყავს. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, სხვა გეგმები და მონახაზები მქონდა. პარასკევს გასვლითი თამაში გვაქვს ისევ ,,ქუთაისთან’’ და იმედია, ჩვენი ბიჭები შეძლებენ და იმავე შედეგს აჩვენებენ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): საწყენია, რომ ასეთი დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა ,,ოლიმპი’’ ძალიან ძლიერი გუნდია, ძირითადი მოთამაშეები სუპერლიგაშიც ასპარეზობენ და ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი გუნდია, 66 ქულის ჩაგდება ასეთი მოწინააღმდეგისთვის მაინც კარგი რეზულტატია. გვაკლია მოთამაშეები, 2 მოთამაშე ტრავმის შემდეგ დღეს პირველად გამოვიდა მოედანზე. მე, როგორც მწვრთნელი, ვხედავ ჩემს გუნდში პოტენციალს და მინდა, რომ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. 2 დღეში საპასუხო შეხვედრას ვითამაშებთ ქუთაისში და შევეცდებით, ბევრად კარგად ვიასპარეზოთ.
u-20.ge