საინტერესო ამბავი: ქართველი გოგონა მწვრთნელის თანაშემწეა და დიდ ფეხბურთზე ფიქრობს
ქართული საპლაჟო ფეხბურთი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ფეხბურთის ამ ნაირსახეობაში პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. აჭარაში საპლაჟო ფეხბურთი საუნივერსიტეტო სპორტშიც პოპულარობით სარგებლობს და რაც საინტერესოა, არა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ნინიკო სირაძე გახლავთ. საინტერესოა, რომ სირაძე ფუტსალში და საპლაჟო ფეხბურთში სერტიფიცირებული მწვრთნელია.
ნინიკოს ბათუმში შევეხმიანეთ და მან თავად გვიამბო თუ რამ განაპირობა ასეთი ინტერესი ფეხბურთის მიმართ.
“ფეხბურთს ბავშვობიდან ვუყურებდი და ინტერესიც ამან განაპირობა. ბათუმის საუნივერსიტეტო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბაჩანა აბაშიძე, ჩემი ახლო მეგობარია და ის ძალიან მეხმარება, სტიმულს მაძლევს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში მოვხვდი.
გუნდში 2 კვირაზე მეტია ვარ. მთავარ მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვმსჯელობთ, ვმუშაობთ ტაქტიკურ მონახაზებზე და რა თქმა უნდა კვლავ სწავლის პროცესში ვარ. ჩემი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა დამოუკიდებელ მწვრთნელად ჩამოყალიბებაა. დიდ ფეხბურთში მუშაობაზე ვოცნებობ და მომავალ წელს C ლიცენზიის აღებასაც ვაპირებ” – გვითრხრა ნინო სირაძემ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დამწყებ მწვრთნელს მომავალში წარმატებები ვუსურვოთ.