დარასელიას თანაშემწე გიორგი მეგრელაძე იქნება
მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რევაზ ძოძუაშვილმა უკვე დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ „ტორპედოს“ ახალი თავკაცი – 46 წლის გიორგი დარასელია იქნება. მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო, სადაც ამპლუით თავდამსხმელმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ღირსება 155 მატჩში დაიცვა და 41 გოლიც გაიტანა. 9 თამაში ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდშიც და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ 7 კლუბში აქვს ნამუშევარი. თავიდან 3 წელი თანაშემწედ იყო ისრაელის კფარ-საბას „ჰაპოელში“, შემდეგ ამავე ქვეყნის წარმომადგენელ სახნინის „ბნეიში“ მოღვაწეობდა, საიდანაც გადავიდა ხაიფას „მაკაბში“ და ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი. 2012 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა გორის „დილას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. აქედან წავიდა რუსულ „სკა-ენერგიაში“, ბოლოს კი „ზუგდიდს“ წვრთნიდა.
ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც, ეს პოსტი „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა 36 წლის გიორგი მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო.
იმის გამო, რომ ჩვენი ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
FCTorpedo.GE