ტიერი ანრიმ კარიერა დაასრულა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
37 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბოლოს ამერიკული “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, მას “მონაკოში”, ტურინის “იუვენტუსში”, ლონდონის “არსენალსა” და “ბარსელონაში” უთამაშია.
“ოცწლიანი კარიერის შემდეგ ბუცების ლურსმანზე დაკიდვის გადაწყვეტილება მივიღე. ეს ჩემთვის გასაოცარი თავგადასავალი იყო. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც “მონაკოში”, “იუვენტუსში”, “არსენალში”, “ბარსელონაში”, “ნიუ იორკ რედ ბულსში” და რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის დროს შევხვდი. მათი დახმარებით განსაკუთრებული კარიერა გავიკეთე.
ახალი კარიერული ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა. სიამოვნებით ვამბობ, რომ ლონდონში დავბრუნდები და “სქაი სპორტსში” ვიმუშავებ. წლების განმავლობაში დაგროვილ მოსაზრებებს, შენიშვნებსა და გამოცდილებას გაგიზიარებთ.
საოცარი მოგონებები მაქვს (უმეტესობა კარგად გასახსენებელი). დიდი გამოცდილება მივიღე. იმედი მაქვს, ისევე იღებდით ჩემი ყურებისას სიამოვნებას, როგორც მე – თამაშის დროს. მომავალ შეხვედრამდე. ახალ ამპლუაში მიხილავთ”, – ნათქვამია ანრის განცხადებაში.
ტიერი ანრიმ სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში შემდეგი ტიტულები მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ინგლისის ჩემპიონატი ორჯერ, ინგლისის თასი სამჯერ, ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, უეფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. ანრის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.