ზაზა ფაჩულიამ ფინიქსში ბოლო წამზე გამარჯვებულ “მილუოკის” ულიდერა
ზაზა ფაჩულიას ლიდერობით „მილუოკი ბაქსმა“ ფინიქსში დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში მყოფი „სანსი“ 96:94დაამარცხა და საკუთარი საპლეიოფო ამბიციები კიდევ უფრო გაიძლიერა.
ქართველი ცენტრი საერთო სარგებლიანობით ბოლო წამებამდე ლიდერობდა ყველა მილუოკელს, თუმც საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მნიშვნელოვანი ორქულიანის ჩამგდებმა ბრენდონ ნაითმა გადაასწრო, თუმც ეს ოდნავაც არ აკნინებს ფაჩულიას გარჯას. ზაზა ფინიქსში გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის.
ნაითის ხსენებული ორქულიანის შემდეგ „მილუოკი“ 93:92 დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს დაწინაურება — სირენამდე 3 წამით ადრე მარკიფ მორისმა პიჯეი ტუკერის პასით ორქულიანი მიითვალა და ფაჩულიას გუნდი 1 ქულით ჩამორჩა. მილუოკელებმა მცირე სასწაული მოახდინეს და დარჩენილ 3 წამში სასროლ პოზიციაზე გაიყვანეს კრის მიდლტონი, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების 3-ქულიანი ჩააგდო.
ქართველი ცენტრის როლი გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესია. ქართველმა ცენტრმა ბოლო მეოთხედში 8 ქულა ჩააგდო, რითაც ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის მძიმე ტვირთი მილუოკელებს ფინალამდე საკუთარი შედეგიანობის ხარჯზე მიატანინა და ბოლო წამებზე გმირობის ტოლფასი თამაშით „ხარირმებმა“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უტკბილესი გამარჯვება იზეიმეს.
ზაზა სასტარტო არ ყოფილა, თუმცა ამ ფაქტორმა ქართველისთვის უკვე მნიშვნელობა დაკარგა და არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ „მილუოკის“ ნომინალურ ცენტრ ლარი სანდერსს ყველა ასპექტში სჯობს და როგორც წესი, მოედანზე მასზე გაცილებით მეტ დროს ატარებს.
ასე იყო ფინიქსშიც. ფაჩულიამ 29 წუთი ითამაშა, სასტარტოში მყოფმა სანდერსმა კი – 13. ზაზამ 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ზაზამ მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ერთადერთხელ დაკარგა. ბრენდონ ნაითი გამარჯვებულებს 20 ქულით, 7 მოხსნით და 4 პასით შეეწია, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა. გამარჯვების სამქულიანი ჩამგდებმა კრის მიდლტონმა 14 ქულა და 4 პასი მიითვალა.
13 გამარჯვებითა და 12 მარცხით „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა. მომდევნო გამარჯვების მოპოვებას ფაჩულიას გუნდი 17 დეკემბერს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „პორტლენდთან“ გასვლით მატჩში ეცდება.
gbf.ge