კიკნაველიძე: “შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ “მერანში” ვრჩები”
საქართველოს უმაღლეს ლიგაში პირველი წრე დამთავრდა. ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ მარტვილის “მერანი” ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ წელს ვლადიმერ ლობასის შეგირდები კარგ ფეხბურთს თამაშობენ.
“მერანის” წინააღმდეგ თამაში ადვილი არცერთი გუნდისთვისაა, ამას ისიც მოწმობს, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, “დინამომ” მარტვილელების დამარცხება ვერ შეძლო. გარდა ამისა, “მერანმა” მიმდინარე სეზონში, რუსთავის “მეტალურგის”, საჩხერის “ჩიხურასა” და ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხებაც მოახერხა.
წელს მარტვილელთა რიგებში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორისაა ნოდარ კიკნაველიძე. მართალია, უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს არ ატარებს, მაგრამ ის გასულ სეზონებთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება.
21 წლის კიკნაველიძემ, რომელიც თავის დროზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული, უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი “ზესტაფონის” მაისურით ჩაატარა, ამის შემდეგ კი “გაგრასა” და ბათუმის “დინამოში” მოასწრო თამაში.
ნოდარი კარგ სეზონს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ მისით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ. Fanebi.Com თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– როგორ გრძნობთ თავს “მერანში” და რას გვეტყვით გუნდში არსებულ სიტუაციაზე?
– “მერანში” თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდი გვყავს, რაც პირველ წრეში დავამტკიცეთ. 8 იანვარს ვიკრიბებით და სავარაუდოდ, შეკრებასაც გავივლით.
– როგორც ვიცით, თქვენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ეს კლუბები?
– დიახ, რამდენიმე კლუბიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ.
– თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რას აპირებ უახლოეს მომავალში?
– “მერანთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ახლა კი შეკრების დაწყებას ველოდები.
ფოტო – GFF.GE