2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – ‘ვებ ელისის’ თასის თბილისური ტურნე
ახალ, 2015 წლამდე ორიოდ კვირა რჩება. 2014 წელს ქართულ სარაგბეთში მომხდარი უამრავი გამორჩეული თუ აღსანიშნავი მოვლენისა და მატჩის გასახსენებლად, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოც.მედია პლატფორმებზე დაიწყო რუბრიკა, რომლის ფარგლებში ამ მოვლენების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მოგაწვდით.
2014 წლის 15 მარტს, მესხის სტადიონზე ევროპის ერთა თასის/2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დამაგვირგვინებელ მატჩში ერთმანეთს ძველი მეტოქეები – საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. 2014 წლის ევროპის ერთა და ანთიმოზ ივერიელის თასის (ჯილდო, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის თამაშდება) მფლობელის გამოვლენის გარდა, ამ შეხვედრით ირკვეოდა ევროპის შესარჩევი პულიდან ეს ორი ნაკრები, რომელ ჯგუფებში მოხვდებოდნენ 2015 წლის მსოფლიო თასზე. ორივე ნაკრებს მატჩში გამარჯვება და C ჯგუფში მოხვედრა სურდა, ხოლო ამ მიზანს ‘ბორჯღალოსნებმა’ ‘მუხებზე’ გამარჯვებით მიაღწიეს.
ამ შეხვედრის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ქართული რაგბის ბოლოდროინდელი პროგრესისა და წარმატებების აღსანიშნავად, იმ დროს ‘რაგბის საერთაშორისო საბჭოდ’ ცნობილმა, ახლაკი ‘მსოფლიო რაგბმა’ (რაგბის საერთაშორისო ფედერაცია) ქართული რაგბის ქომაგი ‘უილიამ ვებ ელისის’ თასის (სარაგბო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი ჯილდო, რომელსაც მსოფლიო თასის გამარჯვებულ ნაკრებ გუნდს გადასცემენ) საქართველოში ჩამოტანით დააფასა. გთავაზობთ ‘ვებ ელისის’ თასის თბილისური ტურნეს ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას:
Rugby.GE