ოლიმპის იოლი გამარჯვება მაქაბისთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1 მატჩს უმასპინძლა საკალათბურთო აკადემიამ, სადაც ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „ოლიმპი“ და „მაკაბი“ შეხვდნენ. მაკაბელებს ისევ აკლიათ გუნდის ლიდერი მაიზერ რევაზაშვილი, ასევე, მთავარი მწვრთნელი მიხეილ ხუხაშვილი, რის გამოც ნებისმიერ მეტოქესთან თამაში უჭირთ.
ასე იყო დღევანდელ შეხვედრაშიც. „მაკაბი“ პერიოდულად ათამაშდებოდა ხოლმე, თუმცა ეს იმ ლიდერობის ფონზე ხდებოდა, რომელიც „ოლიმპმა“ მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. მაკაბელთა გამონათება მხოლოდ ჩამორჩენის შემცირებას სწვდებოდა და საქმე თამაშის დაძაბვამდე არ მიდიოდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში „ოლიმპის“ ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა, რასაც ბოლო მეოთხედში ლიდერის მოდუნება მოჰყვა. „მაკაბიმ“ 30:20 მოიგო ბოლო პერიოდი და ღირსეული ანგარიშით – 74:84 დამარცხდა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი არჩილ პულუზაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც „ოლიმპს“ 19 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა გიორგი გუგეშაშვილს, რომელმაც 12 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „მაკაბიში“ ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა: დავით ქარციძემ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვა, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა – 19 ქულა და 10 მოხსნა.
20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლაშა ელბაქიძე(,,მაქაბის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო ამ შეხვედრის მოგება, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. პერიმეტრიდანაც არ წაგვივიდა სროლები, თუმცა ამას მომავალში გამოვასწორებთ. მივულოცავ ,,ოლიმპს’’ დამსახურებულ გამარჯვებას.
ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’ მწვრთნელი): დღევანდელ თამაშში დაშვებულ შეცდომებს ჩემს თავზე ვიღებ, გუნდი ვერ განვაწყვე ისე, როგორც საჭირო იყო და სათანადო მითითებები ვერ მივეცი. ,,მაქაბი’’ სწრაფი და ხისტი გუნდია, როგორც აღმოჩნდა, არ ვიყავით ბოლომდე მზად და ამის გამო სტაბილურად დიდ უპირატესობას ვერ ვინარჩუნებდით. გვინდოდა, რომ იოლად მოგვეგო, რადგან ხვალ ,,აკადემიასთან’’ თამაშისთვის ძალებს ვინახავთ. ეს არ გამოგვივიდა და ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ იმედია ხვალაც მოვიგებთ.
u-20.ge