გიორგი გოროზია: “ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა”
გიორგი გოროზია ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშით გაიცნო. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაშიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. “ტორპედოს” რიგებში კი ევროთასებზეც ითამაშა. ქუთაისური კლუბიდან წასვლის შემდეგ გოროზია “ლოკომოტივს” დაუბრუნდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწტყვიტა და ნორვეგიას მიაშურა, სადაც “სტაბეკის” ღირსებას იცავს.
Fanebi.com 19 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა და მის კარიერაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.
– ნორვეგიაში შენთვის პირველი სეზონი დასრულდა. რა შთაბეჭდილება შეგექმნა ახალ ქვეყანაზე და გუნდზე?
– შესანიშნავი შთაბეჭდილებები მაქვს. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა. გუნდში კი მეგობრული განწყობა სუფევს.
– საფეხბურთო დონეც ალბათ განსხვავებულია…
– საქართველოსთან განსხვავება დიდია. აქ ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები და სისწრაფეებშიც დიდი სხვაობა.
– მთავარი განსხვავება რაში მდგომარეობს? თუნდაც სამწვრთნელო პროცესის თვალსაზრისით…
– განსხვავება ძირითადად თეორიული მეცადინეობის დროს იგრძნობა. ნორვეგიაში ჩასვლისთანავე ერთი თამაში მათამაშეს, რათა ჩემი სათამაშო დონე დაენახათ. შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამა მომცეს. გუნდის საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ვრჩებოდი და ცალკე ვვარჯიშობდი, რამაც შედეგი გამოიღო. რამდენიმე თამაში ჩატარე და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.
– გითამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში. როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?
– 17 წლამდელებში ძალიან ბედნიერი წუთები გამოვიარეთ და გულშემატკივრების გახარებაც შევძელით. სამწუხაროდ, 19 წლამდე ნაკრებში ჩვენი ბედი ერთმა თამაშმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვიმსახურებით.
– სამომავლოდ ალბათ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებზეც ფიქრობ…
– ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ვცდილობთ ნაკრებში და ვისურვებდი, რომ 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებსაც კარგი შედეგები ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შანსი მეც მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნდობის გასამართლებლად კი ყველაფერს გავაკეთებ.
– რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში?
– ჩემთვის მთავარი განვითარება და წინსვლაა. ჯერჯერობით გუნდში ახალი მისული ვარ და ამ ეტაპზე მხოლოდ “სტაბეკზე” ვარ კონცენტრირებული.