საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის – ზვიად სიჭინავას საახალწლო მილოცვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამდეგ, ახალ 2015 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს, სპორტის ქომაგებს, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს და მათთან ერთად გამოთქვამს იმედს, რომ ახალი წელი ახალი წარმატებების, ქართული ფეხბურთის განვითარების წელი იქნება.
2014 წლის მიწურულს, უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიის კუთვნილება ხდება კიდევ ერთი, სპორტული თვალსაზრისით დაძაბული წელი, რომელიც სავსე იყო როგორც წარმატებული ნაბიჯებით, სიხარულის მომტანი გამარჯვებებით, ასევე, იმედგაცრუებებით.
2014 წლის შედეგების შეჯამებისას, შეუძლებელია სიხარულით არ გავიხსენოთ ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატებები. მწვრთნელთა შტაბის, თითოეული ფეხბურთელის სწრაფვა გამარჯვებისკენ, სპორტული ჟინი და თავდადება. ასევე, გულშემატკივართა საოცარი მობილიზება და მხარდაჭერა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შედეგი განაპირობა.
ასაკობრივი ნაკრებების მიერ მიღწეული წარმატება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ქართულ ფეხბურთში ღირსეული, ბრძოლისუნარიანი თაობა მოდის. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის; მითუმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ნაკრებები კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მასშტაბებით, ფინალურ ეტაპებზე. ვისურვებთ, 2015 წელი ასაკობრივი ნაკრებებისთვის გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს.
2014 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც. როგორც წინა წლებში, 2014 წელსაც ნაკრების სატურნირო მდგომარეობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ამიტომ, კარგად გვესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც საყვარელი ნაკრებისგან მეტს ითხოვენ; იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულად, ჯგუფში სერიოზულ მეტოქეებთან გვიწევს საფინალო საგზურისთვის ბრძოლა.
2014 წელს, ნაკრებს დაემშვიდობა მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია, რომელმაც გუნდის განვითარებაში მართლაც კოლოსალური შრომა ჩადო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მას გაწეული მუშაობისთვის და წარმატებას უსურვებს ახალ მწვრთნელს – კახი ცხადაძეს, რომელმაც ნაკრები წლის მიწურულს ჩაიბარა და რომელსაც 2015 წლის მარტიდან, ძალიან მნიშვნელოვან ორთაბრძოლებში მოუწევს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდა.
სირთულეებითა და წარმატებებით სავსე წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბს, მათ გულშემატკივრებს, მსაჯებს. ვისურვებდით, 2015 წელი გამთლიანებულ ქვეყანაში ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების წელი ყოფილიყოს, სადაც დღეს არსებული კლუბების ფეხბურთელებს მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებულ მხარეებში თამაშის საშუალება მიეცემათ.
2014 და 2015 წლების მიჯნაზე შეუძლებელია სიამაყით არ აღინიშნოს, რომ 2015 წელს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენის – ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძელი საქართველოს დედაქალაქია. ის, რომ ამის მიღწევა გახდა შესაძლებელი, სწორედ, 2014 და წინა წლებში გაწეული დაუღალავი შრომის, ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, საქართველოს პერსპექტივაში ევროპელი კოლეგების დარწმუნების შედეგია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია, რომ გარკვეული ბარიერების არსებობის მიუხედავად, ეს ღონისძიება, სწორედ, თბილისში, ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩატარდება.
სამწუხაროდ, 2014-მა წელმა არ ჩაიარა დანაკარგის გარეშეც… ტრაგიკულად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა კილაძე. ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ იხრის ქედს მისი ხსოვნის წინაშე.
დამდეგი 2015 წელი მნიშვნელოვანი წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. მოგეხსენებათ, სწორედ 2015 გახლავთ ის წელი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების, მათ შორის, არცთუ იშვიათად, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მომხდარა ამ თემით სპეკულირება, ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ არჩევნები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, გამჭვირვალედ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.
დაბოლოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ფეხბურთელ ქალებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, სპორტულ ჟურნალისტებს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელ; იმ გუნდს, რომელიც არ იშურებს ენერგიას და ძალას საერთო საქმის კეთებაში. ვულოცავთ მათ, ვინც გამოირჩევიან კონსტრუქციულობითა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის სურვილით.
ვისურვებთ, 2015 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
საუკეთესო სურვილებით – ზვიად სიჭინავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი