პირველი წრის შეჯამება: ზესტაფონი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონზე” გვექნება.
ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგით გახსნა, თუმცა გათამშებას მალევე გამოეთიშა. “სპარტაკ ტრნავას” ბარიერი გუნდისთვის გადაულახავი აღმოჩნდა. ამის შემდეგ “ზესტაფონში” თავი ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა. გუნდის ბიუჯეტი შემცირდა, რამაც რამდენიმე მოთამაშის წასვლა გამოიწვია. კარიერის სხვა კლუბებში გაგრძელება გადაწყვიტეს გელაშვილმა, კუხიანიძემ, დოლიძემ, გეწაძემ, გურულმა, ჭელიძემ…
მიუხედავად ასეთი მიგრაციისა ჩემპიონატი ზესტაფონელებმა გამარჯვებით დაიწყეს და “გურიას” 6 უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა ამიშ შემდეგ გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ზესტაფონელთა კიდევ ერთი წარუმატებელი სერია “სიონთან” მოგებული მატჩის შემდეგ დაიწყო. იმერლებმა ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს და სატურნირო ცხრილშიც ეს მათ მდგომარეობაზე აისახა.
“ზესტაფონის” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი “ვიტ ჯორჯიასთან” და “სპარტაკთან” მოგებული მატჩების შემდეგ გაუჩნდათ, თუმცა გუნმა პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილიც ჩააგდო და უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე მეცხრე ადგილით გავიდა.
წარუმატებელი გამოდგა ზესტაფონის ასპარეზობა საქართველოს თასზეც. საჩხერეში ნულოვანი ფრის შემდეგ “ზესტაფონი” “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გადამწყვეტი გოლის ავტორი კი ზესტაფონელთა ყოფილი კაპიტანი, თეიმურაზ ღონღაძე გახდა, რომელმაც გუნდი სეზონის სტარტზე დატოვა.
პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი ფაქტობრივად დაიშალა. არასტაბილური ფინანსური ვითარების გამო “ზესტაფონის” რიგები საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა კლუბს. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ერთმანეთს ილია კოკაია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევრები შეხვდებიან. არსებობს იდეა, რომლის მიხედვით მხარეები გუნდს სანახევროდ დააფინანსებენ. ამ ეტაპზე კი, ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართული გუნდის მომავალი ბურუსითაა მოცული…