ლორთქიფანიძეს საბურთალოელები და თბილისი მოენატრა…
დაახლოებით ორი თვის წინ “საბურთალოს” ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე,რომელიც 2001 წლიანების გუნდში ასპარეზობდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, იტალიაში წავიდა და იქაურ “ბრეშას” ასაკობრივ გუნდში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. 13 წლის ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ჯერაც საბუთების მოლოდინშია, თუმცა გუნდში ვარჯიშობს და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
ერთმანეთისთვის ახალი წლის მოლოცვის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა:
“ყველას ვულოცავ ახალ წელს, საუკეთესო და წარმატებული ყოფილიყოს. ოჯახი ჯერჯერობით საბუთების მოლოდინშია, იტალიის სასამართლოსგან ველოდებით ამ ყველაფერს, რადგანაც გვცნოს, რომ აქ ლეგალურად ვიმყოფებით. ამის შემდეგ კი ფეხბურთელის ბარათი, “კარტელინო”-ც მექნება, რის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში თამაშის საშუალება მომეცემა.
– როგორ აღმოჩნდით “ბრეშაში”?
– მყავს აგენტი, რომელსაც ჩემი ოჯახი დიდი ხანია იცნობს. რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი იყო, ბუნებრივია საუბარია ასაკობრივ გუნდებზე – “სიენა”, “არსენალი”, “ფიორენტინა”, მაგრამ ყველაზე კარგი პირობები სწორედ “ბრეშამ” შემოგვთავაზა და არჩევანიც ამ კლუბის სასარგებლოდ გავაკეთეთ. იტალიელებმა ყველანაირად უზრუნველგვყვეს, აქ ოჯახთან ერთად ვარ. გუნდმა გამოგვიყო საცხოვრებელი ბინა, ასევე გარკვეულ თანხასაც გვიხდიან.
– უფრო დაწვრილებით გვითხარით, “ბრეშას” რომელი ასაკის გუნდში ვარჯიშობთ?
– 2001 წლიანების გუნდში. ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ლეგიონერია – ბოსნიელი, მაროკოელი, მალელი და კამერუნელი.
– როგორი სტილის ვარჯიშებია?
– სიმართლე გითხრათ, დიდად არ განსხვავდება “საბურთალოს” ვარჯიშებისგან, ერთი ეგაა სხვაობა ისაა, რომ აქ სათამაშო ტემპი უფრო მაღალია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას.
– უკვე რამდენიმე თვეა იტალიაში ხართ. თავიდან ხომ არ გაგიჭირდათ ვარჯიშებთან შეგუება?
– არა, რადგან “საბურთალოში” კარგად ვიყავი მომზადებული. ამავდროულად, იმ პერიოდში, როდესაც იტალიაში ჩამოვედი ფეხბურთელები არდადეგებზე იყვნენ წასულები. ყველამ ერთად დავიწყეთ შეკრება და არანაირი გართულებები არ ყოფილა.
– მართალია, ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩებში არ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ ალბათ ესწრებით გუნდის თამაშებს. როგორი ჩემპიონატია?
– იტალიის გეოგრეფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში ცოტათი რთულია, ამიტომ ტარდება რეგიონალური ჩემპიონატი, რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. ოფიცილაური თამაში არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე “ინტერთან”. ასევე რუსი და ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ გავისარჯე.
– და რა პოზიციაზე თამაშობთ?
– მატჩები ძირითადად ჩავატარე ნახევარდაცვის და თავდამსხმელის პოზიციებზე, ცენტრში. სიმართლე გითხრათ, თავდასხმაში არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ “საბურთალოში” ამ პოზიციაზე არ ვთამაშობდი.
– პირველი გუნდის თამაშებს თუ ესწრებით?
– როცა საშინაო კედლებში თამაშობს გუნდი და არის დრო იმისა, რომ დავესწრო მატჩებს, შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ძალიან კარგი სანახავია “ბრეშას” საშინაო არენა სავსე ტრიბუნებით.
– თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან ხშირად გაქვთ კონტაქტი?
– ძირითადად სოცილაური ქსელის საშუალებით ვესაუბრები მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც რამდენიმე წელი გავატარე. ამ ყველაფერს სასიამოვნოდ ვიხსენებ, რადგან “საბურთალოში” პროგრესი განვიცადე, ბევრ წარმატებებს მივაღწიე.
– და საუბრის ბოლოს: რას ეტყვით თქვენს თანაგუნდელებს?
– ყველა ძალიან მენატრება, არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელები, ხელმძღვანელები. ჩემი თბილისიც მომენატრა. სავარაუდოდ, ზაფხულამდე ვერ ჩამოვალ, მერე კი ჩემს საყვარელ სკოლას ვესტუმრები და თანატოლებთან ფეხბურთს ვითამაშებ.
FCSaburtalo.GE