პირველი წრის შეჯამება: მერანი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი მარტვილის “მერანზე” გვექნება.
მარტვილის “მერანი” ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით, შენარჩუნებული ძირითადი ბირთვით და სტადიონის გარეშე შეხვდა. მარტვილის ცენტრალურ არენაზე სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა. “მერანი” საკუთარ სტადიონზე დაბრუნებას ჯერ კიდევ სექტემბერში აპირებდა, თუმცა პირველი ეტაპის თითქმის ყველა საშინაო მატჩი სამტრედიაში ჩაატარა.
როგორც ჩანს ვლადიმერ ლობასმა ქართულ ჩემპიონატს ალღო თავიდან ვერ აუღო და “მერანმაც” გათამაშების სასტარტო ტურები ძალიან ცუდად ჩაატარა. საწყის 6 ტურში მარტვილელებმა მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლეს.
მე-7 ტურში კი “ჩიხურას” დამარცხებით “მერანმა” 7-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუდო საფუძველი. გარდა იმისა, რომ მარტვილელებმა უშუალო კონკურენტების დამარცხება შეძლეს, მათ ქულები თბილისის “დინამოს”, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში წაართვეს. ბუნებივია, ასეთმა ასპარეზობამ გავლენა სატურნირო ცხრილზეც მოახდინა და “მერანმა” სახიფათო ზონას თავი დააღწია.
წაუგებლად ასპარეზობის წლის ბოლომდე გაგრძელება ვერ მოახერხდა. პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში “მერანი” გორს სტუმრობდა, სადაც მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ბოლოს კი ლობასის გუნდმა “კოლხეთთან” უგოლო ფრე ითამაშა და საახალწლო არდადეგებზე მე-8 პოზიციით გავიდა.
თასის გათამაშება “მერანმა” ოზურგეთის “მერცხალთან დუელით დაიწყო, რომელიც დამაჯერებლად მოიგო. შედმეგ ეტაპზე მარტვილელები “ტორპედოს” შეხვდნენ. სამტერდიაში 0-3 განცდილი მარცხის შემდეგ ქუთაისური დაპირისპირება “მერანმა” 4-3 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა 18 წლის აკაკი შულაია გახლდათ, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშითაც დაამახსოვრა თავი.
გამოირჩეოდნენ ბესიკ ჩიმაკაძე და დავით ციცხვაიაც. ორივე ფორვარდმა 3 გოლის გატანა შეძლო, რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.