ვლადიმერ ჭყონია: “ახლო წარსულში ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ”
10 იანვარს ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობა ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველად შეიკრიბა და ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მზადებას 28 ფეხბურთელით შეუდგა. პირველ ვარჯიშს ქუთაისელთა მთავარი გუნდის დამრიგებელი – გიორგი დარასელიაც დაესწრო. ჩვენს სარეზერვო გუნდს ისევ გიორგი სუხიაშვილი და ვლადიმერ ჭყონია უხელმძღვანელებენ. მეორე მათგანი ჩვენ „ტორპედო-2-ის“ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
„გარდა ორი ახალი ფეხბურთელისა, ჩვენ იგივე შემადგენლობით ვაგრძელებთ მზადებას. დუბლები ძირითადად ქუთაისის ბავშვთა სკოლებიდან დაკოპლექტდება. აქცენტს ვაკეთებთ 1996-97 და 1998 წლებში დაბადებულებზე, ხოლო მათზე უფროსებმა პირველ და უმაღლეს ლიგებში უნდა ცადონ ბედი. მზადების ახალ ეტაპს დღეიდან ვიწყებთ და გუნდის ცხოვრების ყველა ნიუანსს წვრთნის პროცესში დავინახავთ. მთავარია, რომ ძირითად გუნდს მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტად გამოსადეგი ფეხბურთელი – ეს არის ჩვენი მიზანი. მადლობა ბატონ გიორგი დარასელიას, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ მაქსიმალურად დააკვირდება ამ ბიჭებს. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც ქუთაისს ეკადრება, ისეთი პირველი და მეორე გუნდი ჰყავდეს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ, მიუხედავად დუბლიორთა ტურნირის დანიშნულებისა, „ტორპედოს“ რეზერვისტები მე-13 ადგილზე მაინც არ უნდა იყვნენ, რადგან ქუთაისში არის გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევის რესურსი. შეიძლება ითქვას, ახლო წარსულში ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ. სანამ პირველი გუნდი უცხოურ შეკრებაზე წავა, მანამ ერთჯერადი ვარჯიშები გვექნება და შემდეგ კი ვნახოთ. სხვათა შორის, ამხანაგური თამაშების ჩატარებას ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებთანაც ვაპირებთ, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის. სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ ქუთაისის „ტორპედოს“. მთელი გულით და სულით მინდა, რომ როგორი სახეც ჰქონდა ძველად, ის დაუბრუნდეს არამარტო საქართველოში“ – გვითხრა ჭყონიამ.
FCTorpedo.GE