“ყიფიანს და მელქაძეს რუსეთის ნაკრების ლიდერობა შეუძლიათ”
რუსეთის 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში გამართული ვალენტინ გრანატკინის მემორიალი გამარჯვებით დაასრულა. რუსეთის ნაკრებმა, რომლის ღირსებას გიორგი მელქაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ, ფინალურ შეხვედრაში კორეას 2:1 სძლია.
რუსულ პრესაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი კირიაკოვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის რუსეთის “ქართულ დუეტს” აქებს.
“ნაკრებში რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, რომლებსაც კარგი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა აქვთ. მათ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ცალკე გამოვყოფდი ყიფიანსა და მელქაძეს. უახლოეს მომავალში მათ ეროვნული ნაკრების ლიედერებად შეუძლიათ ჩამოყალიბება. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. სავსებით შესაძლებელია, რომ 2-3 წელიწადში ისინი ფაბიო კაპელოს მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდნენ” – განაცხადა კირიაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მელქაძე მოსკოვშია დაბადებული და “სპარტაკის” დუბლშემადგელობაში თამაშობს, ხოლო ყიფიანი თბილისში დაიბადა და ამჟამად მოსკოვის “ლოკომოტივის” დუბლების მოთამაშეა.