“თამაშგარეში” დარჩენილი ფეხბურთი და სპორტის სამინისტროს 38,5 – მილიონიანი პრიორიტეტი
2015 წელს სპორტის სამინისტრო ქართულ სპორტს გაზრდილი ბიუჯეტით დაეხმარება. მიზეზი მარტივია, საქართველოში წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები მრავლად გაიმართება და მათ ორგანიზებასაც სოლიდური თანხები სჭირდება. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა და უეფას სუპერთასის მატჩის წარმატებულად ჩატარება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტულ სახეობად ჭადრაკი დაასახელა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 38,5 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ თანხის დიდი ნაწილი ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზებას დაეთმობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 180 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრებიან, რაც რა თქმა უნდა, ჭადრაკის სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია, თუმცა თანხა მაინც გადამეტებულად გვეჩვენება…
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დაფინანსება გაეზარდა რაგბს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობა 2 მილიონით მეტს მიიღებს და მისი დაფინანსება ახლა უკვე 12,05 მილიონ ლარს შეადგენს. საგრძნობლად (2,5-დან 7 მილიონამდე) გაიზარდა კალათბურთისვთის გამოყოფილი თანხა. მაგრამ, ისიც ვთქვათ, რომ კალათბურთელები შედეგებიდან გამომდინრე ამას გაცილებით ადრე და გაცილებით მეტი ოდენობითაც იმსახურერებდნენ.
სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას კი შარშანდელის მსგავსად 7 მილიონი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა კვლავ არ განხორციელდება. არადა, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობაზე კამათის დროს როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ასევე სპორტის სამინისტროს მთავარი არგუმენტი და იმედი სწორედ ეს პროგრამა იყო. როგორც ჩანს, მთავრობამ 16-გუნდიანი ჩემპიონატის დაფინანსებაზე უარი თქვა…
თუმცა, როდესაც სახელმწოფოს დაფინანსებაზე ვსაუბრობთ არც ის უნდა დავივიწოთ, რომ ქვეყნის უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში მოასპარეზე გუნდების უმეტესობა სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადების გადამხდელთა სახსრებით ფინანსდება.
უმაღლესი ლიგის ბინადრებმა 2014 წელს ბიუჯეტიდან შემდეგი რაოდენობის თანხა მიიღეს:
1. ს.კ. “ზუგდიდი” – 1 მილიონი ლარი
2. ლანჩხუთის “გურია” – 1, 170, 000 ლარი
3. გორის “დილა” – 600, 000 ლარი
4. ბოლნისის “სიონი” – 500, 000 ლარი
5. ქუთაისის “ტორპედო” – 800, 000 ლარი
6. ფოთის “კოლხეთი” – 300, 000 ლარი
7. ქობულეთის “შუქურა” – 623, 000 ლარი (ბიუჯეტის მიხედვით ეს ფული ასევე მოხმარდება ქობულეთის რაგბის კლუბ პონტოს)
8. ბათუმის “დინამო” – 1,300,000 ლარი
9. რუსთავის მეტალურგის + სპორტსკოლების შენახვა – 1,100,000 ლარი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი ლიგის გუნდებიც ფინანსდება. მაგალითად მარნეულის „ალგეთმა“ ბიუჯეტიდან 250000 ლარი მიიღო, არადა გუნდს მარნეულთან საერთო ფაქტობრივად არაფერი აქვს. „ალგეთი“ ვარჯიშებს და საშინაო მატჩებსაც თბილისში ატარებს. უმაღლესთან შედარებით მწირი თანხებით ფინანსდებოდნენ „ჩხერიმელა“, „მეშახტე“, „სულორი“ და პირველი ლიგის სხვა გუნდები.
საერთო ჯამში, გასულ წელს 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რასაც ფეხბურთის ფედერაციის დახმარებაც დაემატა. შესაძლოა, მოსახლეობის გარკველ ნაწილს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და ბიუჯეტიდან ამხელა თანხის ხარჯვასაც სკეპტიკურად უყურებდეს. მაგრამ, ფაქტია, რომ გუნდების გამართულად ფუნქციონირებისთვის ეს თანხებიც კი არ არის საკმარისი და საფეხბურთო კლუბების მესვეურები ძირითადად საკუთარი გუნდების გადარჩენაზე ფიქრობენ. ამ დახმარების არ არსებობის შემთხვევაში კი, საქართველოში სულ რამდენიმე კლუბი იარსებებს. ფეხბურთში მოღვაწე პირთა უმრავლესობა კი უმუშევარი დარჩება. ისიც ფაქტია, რომ ასეთ გარემოში ინვესტორის მოზიდვა ძალიან რთული საქმეა და მინიმალურ განვითარებაზეც კი ფიქრი უბრალოდ უტოპიაა.
ამიტომ, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, გადაწყვიტოს არის თუ არა სპორტის ეს სახეობა პრიორიტეტთა შორის და დაპირებების ნაცვლად ქმედითი ნაბიჯებით შეუწყოს ხელი საქართველოსთვის სპორტის ამ მართლაც მდიდარი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი სახეობის განვითარებას.