პირველი წრის შეჯამება – თბილისის „დინამო“
Fanebi.com საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის პირველი ნახევრის შეჯამებას ასრულებს. დღეს გათამაშების ცხრილის ამჟამინდელ ლიდერ თბილისის „დინამოზე“ ვისაუბრებთ.
თავიდანვე „დინამოელთა“ სტარტი საინტერესო უნდა ყოფილიყო. შეიძლება ითქვას, ზაფხულში კლუბში რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა – „აკტობესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან გავარდნის შემდეგ გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი იყვნენ. წასული მოთამაშეების ადგილი კი ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაიკავეს. შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელიც, მიხაელ ბილეკი კახა გოგიჩაიშვილმა შეცვალა. როგორც „მტკვრისპირელთა“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ განაცხადა, ყველა ეს ცვლილება ახალ გეგმას ემსახურება, რომელიც კლუბის გაახალგაზრდავებაზეა გათვლილი.
ჩემპიონატი თბილესელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს. საწყის სამ ტურში „დინამომ“ „სამტრედია“, „სიონი“ და „ზესტაფონი“ დაამარცხა. დედაქალაქელთა წაუგებელი სერია რუსთავში შეწყდა, სადაც „დინამომ“ „მეტალურგთან“ ანგარიშით 3:0 წააგო. თუმცა, ამას შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიაც მოჰყვა, რომლის დროსაც „დინამომ“ ხუთჯერ გაიმარჯვა, ორი შეხვედრა კი გატანილი გოლების გარეშე დაასრულა – თბილისელებს გორის „დილა“ და მარტვილის „მერანი“ დაუზავდნენ. აღსანიშნავი იყო ცხინვალის „სპარტაკთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩი, გუნდთან, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. საინტერესო გამოდგა თბილისელთა მატჩში პრინციპულ მეტოქე ქუთაისის „ტორპედოსთან“, რომელიც გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებმა გასვლაზე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
სამწუხაროდ, თბილისელებს პირველი წრის მეორე ნახევარი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდათ, რაც სატურნირო ცხრილში არსებულ ვითარებაზეც აისახა. „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ დედაქალაქელები შინ ბათუმის „დინამოსთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი იმ მატჩში უკვე მესამე წუთზე გელა გოგიტიძემ გაიტანა. ჩემპიონატში ამის შემდეგ „დინამო“ გასვლაზე „ზუგდიდს“ შეხვდა და რთულ მატჩში 70-ე და 87-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ჩისკოს გოლებით მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია. თითქოს, ამის შემდეგ თბილისურ კლუბს დარჩენილ ორ მატჩში უკეთესად უნდა ეთამაშა, მაგრამ „დინამოელებმა“ ჯერ შინ „გურიასთან“ 1:2 წააგეს, შემდგომ კი გასვლაზე „ჩიხურასთან“ 0:1 დამარცხდნენ.
„გურიასთან“ მატჩში „ლურჯ-თეთრები“ საგრნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, აქტივში ქულის მომატება ვერ შეძლეს. იმ შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე „დინამოს“ ექს-კაპიტანმა, დღეს კი „გურიას“ მოთამაშემ, ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა. თუმცა, ტაიმის ბოლო წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა ძლიერად დაარტყა და მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის მეორე წუთზევე მასპინძლებმა მეორე გოლი გაუშვეს – თავი კობა შალამბერიძემ გამოიჩნა, რომელიც ამ მატჩში თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
გაცილებით რთული გამოდგა „ჩიხურასთან“ გასვლითი მატჩი, რომლის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩისკომ გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა საეჭვო თამაშგარიდან არ ჩათვალა.
რამდენიმე დღის შემდეგ „დინამო“ „ჩიხურას“ სუპერთასზეც შეხვდა და იმ მატჩში ერთადერთი გოლი დამატებით დროში ჩისკომ გაიტანა, რომლისთვისაც „ლურჯ-თეთრთა“ რიგებში ეს ბოლო მატჩი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა. კლუბი ასევე ირაკლი ძარიამ, ომარ მიგინეიშვილმა და ნიკა საბანაძემ დატოვეს.
გატანილი გოლების მაჩვენებლით, საუკეთესო გიორგი პაპუნაშვილი იყო, რომელმაც პირვერ წრეში მეტოქეთა კარი შვიდჯერ აიღო.
პირველი წრის შემდეგ „დინამოს“ მონაგარი 29 ქულას შეადგენს. ამჟამად თბილისელები უახლოეს მდევარ გორის „დილას“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.
სათქმელია, რომ მიმდინარე სატრანფერო ფანჯრის დროს კლუბმა სლოვენიელი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიმატა, რომელიც აქამდე უკრაინულ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ თამაშობდა. სულ მალე თბილისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას გააგრძელებენ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ.