პოგბა: “ახლა ჩემი ფასი ნული ევროს ტოლია”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის XIX ტურში “ვერონას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ერთი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სურს, ერთხელაც ანდრეა პირლოს, ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის დონეს მიაღწიოს. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა “ოქროს ბურთის” მოგების სურვილიც გამოხატა და “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან მისდამი გამოჩენილ ინტერესზეც გააკეთა კომენტარი. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღონ.
“ბედნიერი ვარ, რადგან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, თანაც ბურთი არ გაგვიშვია. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა. მინდა, რომ კლუბისთვის მაქსიმალურად ბევრი გავიღო, მინდა, რომ იმ დონეს მივაღწიო, რომელზეც პირლო, ბუფონი და კიელინი არიან. იმედი მაქვს, მომავალში “ოქროს ბურთის” მოგებას შევძლებ, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა მმართებს.
რაც შეეხება “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან ჩემდამი გამოხატულ ინტერესს, ჩემი ფასი ახლა ნული ევროს ტოლია. ღირებულება არ მაქვს მანამ, სანამ თითოეულ მატჩში არ დავიხარჯები”, – პოგბას სიტყვებს Football italia აქვეყნებს.