გიორგი ალავერდაშვილი: “გურნიკს თურქულ შეკრებაზე მივყვები”
ლიტვის და რუმინეთის ჩემპიონატებში ასპარეზობით გამოწვეული თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ალავერდაშვილი მიმდინარე სეზონში საქართველოს დაუბრუნდა და პირველ ეტაპზე რუსთავის “მეტალურგის” ღირსებას იცავდა. 27 წლის ქართველი მოთმაშეს კარიერის გაგრძელება კვლავ უცხოეთში სურს.
– უმაღლეს ლიგაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით. როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს?
– ნორმალურად ვითამაშე, თუმცა უკეთ შეიძლებოდა.
– უმაღლეს ლიგაში 2012 წლის მერე არ გითამაშია. ჩემპიონატის დონეში სხვაობა იგრძნობა?
– ვფიქრობ, ადრე, როდესაც “ლოკომოტივში” ვთამაშობდი დონე უფრო მაღალი იყო.
– მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?
– მთავარი პირობებია… როდესაც პირობები არ გაქვს რაც არ უნდა ივარჯიშო, მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ. მხოლოდ ფეხბურთზე თუ არ ხარ კონცენტრირებული რთულია რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენო.
“მეტალურგში” ფაქტობრივად ყველაფერი იყო – რესურსები, მეგობრული გარემო, კარგი მწვრთნელი… მაგრამ, არ იყო სათანადო პირობები და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი რთული იყო.
– მსგავსი პრობლემები ლიტვასა და რუმინეთშიც არსებობს?
– რუმინეთს საქართველოსა და ლიტვას ვერ შევადარებ. იქ განსხვავებული და ვფიქრობ, რომ ბევრად ძლიერი ჩემპიონატია. მაგრამ, იდეალურად არც იქ არის ყველაფერი. უბრალოდ, დიდი ქვეყანაა, მოთამაშეებს საქართველოსთან შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ და რაც მთავარია, მაყურებელიც დადის თამაშებზეც… მათ გარეშე ფეხბურთი ხომ წარმოუდგენელია. როდესაც სტადიონზე ხალხი შენგან რაღაცას მოელის, უფლება არ გაქვს ბოლომდე არ დაიხარჯო.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ახლა პოლონეთში, ზაბრზეს “გურნიკში” ვარ. ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და საკმაოდ ტრადიციული გუნდია. გადაწყვეტილია, რომ “გურნიკთან” ერთად თურქულ შეკრებაზე გავემგზავრები. ამ ეტაპზე კი მეტს ვერაფერს გეტყვით.