ერთი ნაბიჯი წინ, ორი – უკან… გზა, რომელიც ქართულმა ფეხბურთმა თავიდან უნდა გაიაროს
გეცოდინებათ, რამდენიმე დღის წინ „დინამოს“ ერთ-ერთ პერსპექტიულმა ახაგალზრდა მოთამაშემ, გიორგი პაპავამ, კარიერის გასაგრძელებლად კვიპროსს მიაშურა, სადაც არაფრით გამორჩეულ, აუტსაიდერ „ნეა სალამინაში“ ჩაირიცხა. სამწუხაროა, რომ 21 წლის მოთამაშე, რომელიც ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრების მაისურიც მოირგო, ასეთ უამბიციო გუნდში გადავიდა. თუმცა, ეს ფაქტი გაკვირვებას აღარ იწვევს და გარკვეულწილად ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის ასახვაც კი არის. ეროვნულ საკლუბო ფეხბურთში თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც მოთამაშეთა მიგრაციის ახალი ტალღა მოჰყვა. თუმცა, ამჯერად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაცვლად ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა კვიპროსს, რაც შეიძლება უკეთესიც კი იყოს.
ბოლო დროს კვიპროსელებმა ჩემპიონატი გააძლიერეს, ევროტურნირებზეც რეგულარულად თამაშობენ და იქაურ ლიგაში გამორჩეულ მოთამაშეებსაც საქართველოსთან შედარებით კარიერული წინსვლისთვის უკეთესი შანსები აქვთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფეირ შედარებითია და საურველია, რომ ჩვენს ქვეყნაში პერსპექტიულად მიჩნეულმა ახალგაზრდებმაც უკეთეს, რაც შეიძლება ამბიციურ გუნდებში სცადონ ბედი. თუნდაც ეს იმავე კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარი იყოს.
ქართული ფეხბურთით დაინტერესებულ ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ უმაღლესი ლიგის მიმდინარე და გასულ გათამაშებებში სათამაშო დონე საგრძნობლად დაეცა. ამ მოსაზრებაც ევროთასებზე ნაჩვენები შედეგები ადასტურებს. როგორც იცით, საქართველოს წარმომადგენლებიდან საუკეთესო შედეგი „ჩიხურამ“ დააფიქსირა, რომელიც ევროპის ლიგის გათამაშებას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. სიმბოლურია, რომ ქართული გუნდისთვის საბედისწერო აზერბაიჯანულ კლუბთან შეხვედრა აღმოჩნდა. მეზობლებთან კონკურენცია ყოველთვის აქტუალური თემა იყო საქართველოში და არაერთი ცხარე დისკუსიის საგანიც გამხდარა. სამწუხაროდ, ბოლო წლების შედეგებიდან აშკარაა, რომ აზერბაიჯანში დონემ საგრძნობლად იმატა და ქართულსაც გადაასწრო. სხვა საქმეა, რომ მათი რესურსებით გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, მაგრამ ეს უკვე ჩვენი პრობლემა არაა… აზერბაიჯანულ ლიგაში ძლიერი ლეგიონერები ჩადიან, რასაც საქართველოზე ვეღარ ვიტყვით. წლების წინ ქართული კლუბები აფრიკულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ და ჩვენს ჩემპიონატში ამ კონტინენტის ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მოთამაშები ასპარეზობდნენ. ოვონომ, აკუასაგამ, კესანიმ უმაღლესი ლიგა მშვენიერ ტრამპლინად გამოიყენეს და კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლასაც მიაღწიეს. „დინამოს“ რიგებში მოთამაშე დონალდ ჯუისმა კი კამერუნის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც კი ითამაშა. აღარაფერს ვამბობ ნედ ზელიჩზე, ჩისკოზე და სხვა გამორჩეულ მოთამაშეებზე.
სხვათა შორის, კრიტიკა ამ მოთამაშეებს არ აკლდათ, თუმცა ახლა საქართველოში ასეთი დონის ლეგიონერები ფაქტობრივად აღარ დარჩნენ. ცხადია, ამან გარკვეულწილად ადგილობრივ ახალგაზრდებს გაუხსნა გზა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შედეგი გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს…
ქართული კლუბები თითქოს წარსულს დაუბრუნდნენ და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სავარაუდოდ არც თუ ისე მაღალი დონის უცხოელ მოთამაშეებს აქტიურად სინჯავენ. არადა 2-3 სეზონის წინ საკლუბო ფეხბურთმა თითქოს გამოიღვიძა. „დინამოში“ ჩადებული დიდი ინვესტიციები, ტრადიციულად მებრძოლი „ზესტაფონი, სახელმწიფოს დახმარებით მოძლიერებული გორის „დილა, ქუთაისის „ტორეპდოს“ ახალი სიცოცხლე… რა თქმა უნდა იყო უარყოფითი მომენტებიც და განსაკუთრებით ეს გორული კლუბის მეთოდებს ეხება, თუმცა საერთო ჯამში ჩემპიონატს ინტერესი დაუბრუნდა და რაც მთავარია გამოსწორდა ინფრასტრუქტურაც. ამავდროუალად უმაღეს ლიგას საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველი მოთამაშეები დაუბრუნდნენ, ევროტურნირებზე ჯგუფში მოხვედრის რეალური შანსი კი ქართულმა კლუბებმა ბოლო მომენტში გაუშვეს ხელიდან და შესაძლოა სწორედ ეს ბოლო წუთები გახდა ამ რეგრესის მიზეზი, რასაც ამჟამად განვიცდით…
ჩადებული ინვესტიციების შემდეგ გაცემული ავანსების გამართლება ვერ მოხერხდა. საქართველოს კვალობაზე დიდმა დანახარჯებმა რიგი მიზეზების გამო სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ყველაფერიც თითქოს თავიდან დაიწყო. მიმდინარე მდგომარეობა შეგვიძლია გარდამავალ პერიოდად მივიჩნიოთ. უახლოეს მომავალში განხორციელებულ ცვლილებებს, ფეხბურთის მენეჯმენტში დასაქმებული ადამიანების გადაწყვეტილებებს და არჩეულ განვითარების კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. უახლოეს წარსულში მიღწეულ, შედარებით უკეთეს დონეზე დაბრუნება ჯერ კიდევ სავსებით რეალური და შესაძლებელია. ოღონდ, მთავარი იმ პერიოდში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და მათი თავიდან აცილება იქნება. ამ ეტაპზზე კი ფაქტია, რომ დღეისთვის არსებული მდგომარეობით ზაფხულში ევროტურნირების სტარტს ოპტიმისტური პროგნოზებით ვერ შევხვდებით. უახლოეს მომავალში კი ვითარების მკვეთრად გამოსწორების იმედიც არ ჩანს, უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი უსახსრობის გამო შეკრებასაც კი ვერ გადის…