„დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა
დღეს თბილისის „დინამომ“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად „დინამოელთა“ მეტოქე „ვიტ ჯორჯია“ იყო. შეხვედრა „ლურჯ-თეთრების“ მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. როგორც „დინამოს“ ოფიციალური საიტი წერს, ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
ცნობისთვის, ახალი წლის შემდეგ, „დინამოსთვის“ ეს მეორე სპარინგი იყო, აქამდე თავის ბაზაზე კახა გოგიჩაიშვილის მოთამაშეები სტუ-ს შეხვდნენ და ანგარიშით 12:0 დაამარცხეს. ორშაბათიდან თბილისური კლუბი სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას ანტალიაში გააგრძელებს, სადაც ათ თებერვლამდე დარჩება. აღნიშნულ პერიოდში „მტკვრისპირელები“ ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ, მათ მეტოქეთა შორის კი გრაცის „შტურმი“, პოლტავას „ვორსკლა“, პრაღას „სპარტა“, სლოვენიური „დომჟალე“ და მარიუპოლის „ილიჩევეცი“ იქნებიან.