მემორიალის პირველი ფინალისტი რუსთავია
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის მეორე სათამაშო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. პირველი დღის მსგავსად ოვერტაიმი ამჯერადაც დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენი 3 მატჩიდან 2-ში შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
2 ტურის თავზე მთავარი მოვლენა ისაა, რომ 1 ფინალისტი გარკვეულია. „რუსთავმა“ დაძაბულ ბრძოლაში – 70:68 დაამარცხა „ოლიმპი“ და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ოღონდ ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მომდევნო შეხვედრაში „სოხუმმა“ „ქუთაისი“ დაამარცხა.
ბოლო ტურში „რუსთავი“ „ქუთაისს“ ეთამაშება და რომც წააგოს, ჯგუფში პირველი ადგილიდან მაინც ვერ ჩამოქვეითდება, რადგან პირად შეხვედრებში „ოლიმპიც“ დამარცხებული ჰყავს და „სოხუმიც“.
ამ პრინციპულ მატჩებამდე დღეს პირველი მატჩი „შსს-აკადემიასა“ და „მგზავრები-არმიას“ შორის გაიმართა, რომელიც აკადემიელთა იოლი გამარჯვებით – 74:51 დასრულდა. გამარჯვებულებს ახალწვეულმა მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა 14 ქულით, ხოლო რეზო როგავამ და ბექა ჩიკვილაძემ 10-10 ქულა მიითვალეს.
მეორე მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა „ოლიმპსა“ და „რუსთავს“ შორის. მატჩს, ფაქტობრივად, ფინალის ფასი ჰქონდა და რომ შეეფერება, ისეთი დაძაბულობით წარიმართა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდიონარეობდა, ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე და ასე გაგრძელდა ბოლო წამებამდე.
საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ოლიმპელმა ნოდარ გოგოძემ 2 საჯარიმო ააცილა. იგივე შანსი ხელიდან არ გაუშვა მიხეილ ჭოჭუამ, რომელმაც დასრულებამდე 12 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან რუსთაველებს გამარჯვების ქულები შესძინა.
რუსთაველთაგან 16 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ამერიკელმა ჰაიდენ ჰამსმა, ხოლო გოგა ცეკვავას 13 ქულა დაუგროვდა. „ოლიმპში“ საუკეთესო სერბი მარკო დუიკოვიჩი იყო (19 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო ნოდარ გოგოძემ 14 ქულა მოაგროვა.
დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში „სოხუმმა“ „ქუთაისი“ დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, ექსტრახუთწუთეულში კი უფრო მობილიზებულმა სოხუმელებმა 91:83 სძლიეს ქუთაისელებს. გამარჯვებულებს ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. 20 ქულით და 16 მოხსნით გამორჩა გიორგი ჯგერენაია, რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წამებზე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო.
დღის ბოლო მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს „დინამო“ და „ბათუმი“ შეხვდნენ. თანაბრად მიმდინარე მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ბათუმელებმა გააზრებული თამაშის წყალობით მოახერხეს ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო გამარჯვების მომტანი, გარდამტეხი სამქულიანი ამერიკელმა ნიკ კელოგმა ჩააგდო.
ბათუმელებს ამერიკელმა ბიჯეი იანგმა ულიდერა. სწრაფმა ამერიკელმა 29 ქულა მიითვალა, ხოლო მეორე ოკეანგაღმელმა კრის ფელჩერმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. „დინამოში“ 22 ქულით საუკეთესო ილია ლონდარიძე იყო, ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 18 დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ტრავმირებული ლაშა გამყრელიძის გარეშე ითამაშეს.
ბოლო ტურში „დინამო“ „შსს-აკადემიას“ ხვდება, ხოლო „ბათუმი“ – „მგზავრები-არმიას“. გამარჯვების შემთხვევაში, „შსს-აკადემია“ ფინალში გავა. თუკი აკადემიელები წააგებენ, გააჩნია სხვაობას, შესაძლოა ფინალში ნებისმიერი მათგანი – „დინამო“, „შსს-აკადემია“, ანაც „ბათუმი“ გავიდეს.
ხვალ, 27 იანვარს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თამაშები 11 საათიდან დაიწყება.
შსს აკადემია – მგზავრები-არმია 74:51
ოლიმპი – რუსთავი 68:70
ქუთაისი – სოხუმი 83:91
ბათუმი – დინამო 88:83
superleague.ge