ზვიად სიჭინავა: “ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები უეფას მოთხოვნებიდან გამომდინარე ავარჩიეთ”
დღეს, 2017 წელს საქართველოში გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ს ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს
ზვიად სიჭინავა: “ვულოცავ მთელს საფეხბურთო სამყაროს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. უეფას ნდობით ძალიან გახარებულები ვართ. ორწლიანი მუშაობა გუშინ დადებითი შედეგით დასრულდა.
გუშინ ბევრი კითხვა გაჩნდა ქალაქებთან მიმართებაში. მატჩები თბილისში, რუსთავში, გორში და მცხეთაში გაიმართება. რუსთავსა და მცხეთაში დაიგება ბუნებრივი საფარი და სტადიონებიც ყველა ქალაქში მოწესრიგდება. მოთხოვნები იყო: 4+1 სტადიონი, 8 სავარჯიშო მოედანი, სტადიონი სასტუმროდან 1 საათის გზაზე, ხოლო სავარჯიშო მოედნები – 30 წუთის, პირველ ორ სასტუმროში უნდა იყოს 132 ნომერი, ხოლო მესამეში 30 ნომერი და ისინი აეროპორტიდან მქსიმუმ 80 კილომეტრში უნდა მდებარეობდეს. ამ ეტაპზე თბილისში არსებული სასტუმროებიდან მხოლოდ ორი სასტუმრო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ამიტომაც, ქალაქები ყველა ფაქტორების გათვალისწინებით შევარჩიეთ. მუშაობას 20 თვით ადრე იწყება. პირველი დელეგაცია თბილისში 2015 წელს ჩამოვა.
გადაწყვეტილია, რომ გათამაშების ფორმატი არ შეიცვლება და საქართველოს 8 გუნდი ეწვევა. უეფას ჩართულობის შესახებ განცხადება მათი პირვლი ვიზიტის შემდეგ გაკეთდება. ჩვენთვის კი მთავარია, რომ საქართველოს გაუჩნდება ხუთი ევროპული დონის სტადიონი. აქვე იმასაც გეტყვით, თბილისური მატჩები მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება და “დინამო არენა” ჩემპიონატში ჩართული არ იქნება.
მთავრობასთან ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა შარშან თებერვალში გვქონდა და მათი მხრიდან მხარდაჭერა მივიღეთ. პრემიერმინისტრის წლევანდელ დადგენილებაშიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატიც ჩართულია. სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებელია.
უეფას ასეთი ნდობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფეხბურთის გასანვითარებლად ყველაფერი კეთდება. დიდი როლი სუპერთასის მოსამზადებელმა პროცესმა ითამაშა, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
ტურნირის ფინალური შეხვედრა დიდი ალბათობით მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება და იმედი გვაქვს, რომ გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ჩვენი ქვეყნის მიზანი ამ თაობის ნაკრების სათანადო დონეზე მომზადებაა და მინიმუმ ფინალში თამაში.”
რევაზ არველაძე: “ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში წარმატებით ჩატარებული რამდენიმე შესარჩევი ეტაპის დამსახურებაა. ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებიც გასათვალისწინებელია. ევროპის ჩემპიონაზე სუტი გუნდი არავის უნდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შემდეგ ქართულ ფეხბურთს დარჩება და სამომავლოდ გამოადგება. მთავარი კი ის არის, რომ ამ ტურნირის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ასეთ მცირე ინტერვალში ორი დიდი საფეხბურთო ღონისძიებას ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.”