კრიშტიანუ რონალდუ და გარდაუვალი სიბერე
118 გოლი “მანჩესტერის” შემადგენლობაში ჩატარებული 292 მატჩში და 286 გოლი “რეალის” 275 შეხვედრაში. ორი მოგებული ჩემპიონთა ლიგა და 52 გოლი ნაკრების შემადგენლობაში. რონალდუმ ზიდანის სატრანსფერო რეკორდი დაამხო და ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით რაულს გადაასწრო. დაახლოებით ერთ კვირაში კრიშტიანუ რონალდუ 30 წლის გახდება. რთული დასაჯერებელია, რომ მისი კარიერის დიდი ნაწილი უკვე წარსულს ჩაბარდა.
ალბათ ბევრს ახსოვს 2003 წელი და რონალდუს დებიუტი ინგლისში. “ბოლტონთან” შეხვედრაში შეცვლაზე შესული პორტუგალიელი ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. 11 წლის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც პირლოსთან, შევჩენკოსთან, ზლატანთან, რონალდინიოსთან, ბუფონთან და უამრავ ვარსკვლავთან უმუშავია, განაცხადა, რომ კრიშტიანუ საუკეთესო მოთამაშეა ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია.
რონალდუ ყველაფერს გააკეთებს, რათა ფორმის პიკზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. მისი ფიზმომზადების მწვრთნელის თქმით, პორტუგალიელი აღდენას დიდ ყურადღებას აქცევს და ყინულის აბაზანებს დილის 3 და 6 საათზეც კი იღებს. თუმცა, დროის მოტყუება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო და ამის გაკეთება ალბათ არც რონალდუს გამოუვა. ის ჯერ შედარებით ნაკლებ გოლს გაიტანს, მერე გუნდისთვისაც არ იქნება სასარგებლო. ან, შესაძლოა, სტატისიკა საერთოდ არ შეიცვალოს, მაგრამ გაჩნდება იმის გრძნობა, რომ რაღაც კომპონენტებში ის ძველებურად ძლიერი ვეღარ არის და ხალხიც ალაპარაკდება, რომ ოქროს ბურთის მფლობელი მასზე გაცემულ ავანსებს ვეღარ ამართლებს.
რონალდუ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, რისი დემონსტრირებაც მას ძალიან უყვარს. ასეთი შედეგის სანაცვლოდ პორტუგალიელის ორგანიზმმა უამრავ დატვირთვას გაუძლო, რაც ადრე თუ გვიან მის ჯანმრთელობაზე აისახება. რისკების შესამცირებლად მას კარიერის ნაადრევად დასრულება შეუძლია. კრიშტიანუმ თითქმის ყველაფრის მოგება შეძლო, მესის საუკეთესო მოთამასის ტიტული წაართვა და დასამტკიცებელიც თითქოს არაფერი დარჩა… მართალია, მას სანაკრებო მატჩებში ხშირად აკრიტიკებენ. თუმცა, ისიც ნათელია, რომ საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ჩემპიონთა ლიგაში და საკლუბო ფეხბურთის მეშვეობით ყალიბდები. გარდა ამისა, მისი სანაკრებო პარტნიორები ბოლო დროს უკეთესის სურვილს ტოვებენ. ამიტომ, რონალდუსთვის მთავარი სულ სხვა რამ არის…
პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, მაგრამ ვერც ერთ და ვერც მეორე ფინალში მთავარი როლის თამაში ვერ შეძლო. მან გაიტანა მოსკოვში, თუმცა პენალტის რეალიზება ვერ შეძლო. “ატლეტიკოს” კარში გატანილი მეოთხე გოლი კი უბრალოდ ფორმალობა იყო. ასე რომ, რონალდუს მისი სახელობის ფინალი სჭირდება. დაახლოებით ისეთ, როგორიც ზიდანს 2002 წელს ჰქონდა.
ლეო მესის ლუის ენრიკესთან თუ მის გარეშე ოპტიმალუ ფორმას დაუბრუნდება. ხამესი ნეიმარი და ბეილი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის პირველ პოზიციებზე მათი სახელები გამოჩნდეს. მაგრამ, მიუხედავად ასეთი კონკურენციისა, რონალდუს მთავრი მოწინააღმდეგე თავად რონალდუ იქნება. ახლა ის 29 წლის არის და ეს ასაკი ფეხბურთელისთვის საუკეთესო პერიოდად ითველბა. გამოდის, რომ რონალდუს ახლა ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ეს მისი ტოპ პერიოდია. ასევე იმიტომ, რომ ახლოვდება ის დღე, როცა კრიშტიანუ ასე ვეღარ ითამაშებს.
თავის დროზე ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ ასაკში შესვლასთან ერთად საკუთარი ძალების რაციონალურად გამოყენება ისწავლა. პირლო, გიგზი, ზიდანი – 30 წლის ასაკში ამ ფეხბურთელებმა მოედანზე საკუთარ როლს გადახედეს, თამაშის მანერა შეცვალეს და გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშეებათ დარჩენა შეძლეს. რონალდუს შემთხვევაში კი ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, ის მთავარი როლის დაკარგვას ვერ შეეგუება.