კასილასი: “ადვილი არ არის, იყო რონალდუ”
მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი კრიშტიანუ რონალდუს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა და თანაკლუბელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ადვილი არ არის, იყო რონალდუ. ის ყველას მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშაა. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს კრიშტიანუს. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და არც რონალდუ არის გამონაკლისი. ამისთვის ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისაჯა”, – კასილასის სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის XX ტურში “კორდობას” წინააღმდეგ გამართული მატჩის 83-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის მცველ ედიმარს განზრახ ფეხი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. პორტუგალიელმა მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გულშემატკივრებსა და თავად ედიმარსაც მოუბოდიშა.
ტელეკომპანია “კუატროს” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე თანაკლუბელები შემოიკრიბა, ინციდენტი პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებით ახსნა, მათ ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.