“ტორპედო” კორეელებთან დამარცხდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ 2 თებერვალს მეორე საკონტროლო მატჩი სამხრეთ კორეის 1-გზის ჩემპიონ და ლიგის თასის 3-გზის მფლობელ ს. კ. „ჟეჟუ იუნაიტედთან“ გამართა.
დღევანდელ შეხვედრას ს. კ. „სამტრედიისა“ და ბოლნისის „სიონის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გიორგი დარასელიამ ის 6 ფეხბურთელი დაასვენა, რომლებიც წინა სპარინგ-მატჩის(„ირტიშთან“) სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – შეყრილაძე, ჩიკვილაძე, ჭელიძე, ადამაძე, გოგიჩაიშვილი და კლიმიაშვილი, ხოლო დანარჩენი 5 მოგვიანებით ჩაერთო თამაშში. „ტორპედოს“ მაისურით პირველი ტაიმი ჩაატარა სინჯებზე მყოფმა, 23 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ბლანსტელ კოუსსალოუკამ. იგი ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებს.
მატჩი სამხრეთკორეელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მიუხედავად ქუთაისელთა მცდელობებისა, მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. აზიელებმა პირველად მე-40 წუთზე აიღეს მეტოქის კარი. 72-ე წუთზე ტორპედოელმა ბექა ტუღუშმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. კაცნაკლულმა „ტორპედომ“ დარჩენილ დროში კიდევ სამი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 0:4 დამარცხდა. მომდევნო ტესტ-მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 5 თებერვალს ტაშკენტის „პახტაკორთან“ გამართავს.
fctorpedo.ge