„დებრეცენთან“ “ტორპედოს” სასტარტო შემადგენლობა გაირკვა
დღეს ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო მატჩს უნგრეთის მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ „დებრეცენთან“ გამართავს.
17:00 საათზე დასაწყის შეხვედრაში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
ბექა შეყრილაძე, ბექა ბანძელაძე, ბაქარ მირცხულავა, გურამ ადამაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლი კლიმიაშვილი, ბექა ტუღუში, დავით კირკიტაძე, ნიკა საბანაძე, ოთარ კვერნაძე.
ქვემოთ ჩვენს უახლოეს მეტოქეს წარმოგიდგენთ.
ქალაქ დებრეცენის საფეხბურთო კლუბი 1902 წელს შეიქმნა. მას შემდეგ კლუბის სახელი რამდენიმეჯერ შეიცვალა. „დებრეცენი“ ამ საუკუნეში უნგრეთის ყველაზე წარმატებული კლუბია. 2004 წლიდან დღემდე მათ 7-ჯერ იზეიმეს ქვეყნის ჩემპიონობა. ასევე, არიან უნგრეთის 6-გზის თასის, 5-გზის სუპერთასისა და 1-გზის ლიგის თასის მფლობელები. 2009/2010 წლების სეზონში დებრეცენელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისურ „ლივერპულთან“, ფრანგულ „ლიონთან“ და იტალიურ „ფიორენტინასთან“ ერთად იასპარეზეს, სადაც ბოლო ადგილი დაიკავეს.
ჩვენმა მომდევნო მეტოქემ უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. გუნდის მთავარი მწვრთნელი 51 წლის ელემერ კონდაშია, რომელმაც თურქეთში 26 ფეხბურთელი(რომელთაგან 7 ლეგიონერია) წაიყვანა. მათი საშუალო ასაკი 27,3 წელია. „დებრეცენისთვის“ დამდეგი მატჩი პირველი იქნება უცხოურ შეკრებაზე.
სავარაუდოდ, მატჩის ინტერნეტ-ტრანსლაცია განხორციელდება.
FCTorpedo.GE