ფაჩულია მოედანს გამარჯვებით და ხუთიანებით დაუბრუნდა
ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო 6 მატჩი გამოტოვა და დღეს, გამთენიისას, „ბრუკლინთან“ გამართულ შეხვედრაში დაბრუნდა. ქართველმა ცენტრმა 16 წუთი ითამაშა და მილუოკელებს გამარჯვებაში 5 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა.
„მილუოკი“ აღმავლობის გზაზეა. ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო. დღევანდელ მატჩში „ხარირმებმა“ დიდი ბრძოლა გადაიტანეს და „ბრუკლინ ნეთსს“ თითქმის უიმედო სიტუაციიდან დაუძვრნენ. მეორე მეოთხედში „მილუოკი“ 17 ქულით აგებდა, თუმცა მესამე პერიოდი მასპინძლებმა 16 ქულით მოიგეს და ბოლო მეოთხედში „ბრუკლინს“ საქმე მოუთავეს – 103:97.
ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო, რაც 6-მატჩიანი უქმობიდან მობრუნების გათვალისწინებით ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი – ეს იყო ფაჩულიას საბოლოო მონაგარი. საუკეთესო მილუოკელი ჯარედ დადლი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. აღმოსავლეთ კონფერენციის გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიანის ანტეტოკოუმპომ მილუოკელებს 12 ქულა მიაშველა.
29 მოგებითა და 23 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ შინ, 11 თებერვალს, „საკრამენტოსთან“ ელის.
gbf.ge