ფაჩულიას 8 ქულა და 6 მოხსნა “საკრამენტოსთან” მოგებულ მატჩში
ზაზა ფაჩულიას გუნდის მორიგი გამარჯვება. მილუოკელებმა ამჯერად დასავლელი „საკრამენტო“ დაამარცხეს. მატჩი მილუოკიში გაიმართა და მასპინძელთა 8-ქულიანი გამარჯვებით – 111:103 დასრულდა.
ტრავმისგან მობრუნებულ ქართველ ცენტრს სათამაშო დრო გაეზარდა. ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო ზაზამ 6 მატჩი გამოტოვა და წინა შეხვედრაში, „ბრუკლინთან“ 16 წუთი ითამაშა. დღევანდელ შეხვედრაში კი ფაჩულია უკვე 26 წუთით გავიდა მოედანზე და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდო.
ზაზა სასტარტო არ ყოფილა. ძირითადში ცენტრის პოზიციაზე თამაშს ჯერჯერობით აგრძელებს ჯონ ჰენსონი, რომელიც ურიგოდ არ ირჯება. მან „საკრამენტოსთან“ 22 წუთი ითამაშა და 12 ქულა და 5 დაფარება მიითვალა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.
„მილუოკი“ ნელ-ნელა უახლოვდება „ვაშინგტონს“, რომელსაც 33 მოგება და 21 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა. მილუოკელებს 30 მოგება და 23 მარცხი აქვთ და დასავლეთში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 20 თებერვალს, შინ „დენვერ ნაგეთსთან“ ელის.
gbf.ge