დავით ჩაგელიშვილი: “ყაზახეთში ბევრად მაღალი დონეა”
დავით ჩაგელიშვილი უკვე წლებია ყაზახეთში ასპარეზობს. ახალ სეზონს ქართველი შემტევი ადგილობრივი პირველი ლიგის ბინადარ, “კიზილ ჟარში” დაიწყებს. 28 წლის ფეხბურთელთან საუბარი მისი გუნდის შესახებ დავიწყეთ
– ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და სხვების მსგავსად ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ორი შეკრება გვაქვს გასავლელი.
– ყაზახეთის პირველ ლიგაზე რას გვეტყოდით?
– საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება.
– თქვენი გუნდის მიზანი რა იქნება?
– მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ვფიქრობ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ.
– გუნდში თქვენს გარდა სხვა ლეგიონერები თუ არიან?
– ამ ეტაპზე ჩემს გარდა კიდევ ერთი უცხოელია, თუმცა უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფეხბურთელი შემოგვიერთდება.
– შეკრებაზე ერთ-ერთი მატჩი “ჩიხურასთან” გამართეთ. რას გვეტყოდით საჩხერელებზე?
– “ჩიხურა” საკმაოდ კარგი გუნდია და მატჩიც საინტერესო გამოვიდა. თუმცა, როგორც საჩხერელების, ისევე ჩვენს შემადგენლობაშიც ბევრი ფეხბურთელი ისინჯებოდა და გუნდებს საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ. ბოლომდე დაკომპლექტებულები არ ვიყავით.
– საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?
– პირველ ექვეულში თითქმის ყველა გუნდი ერთი დონის არის, ამიტომ რომელიმეს ვერ გამოვარჩევ.
– რა არის მთავარი განსხვავება ქართულ და ყაზახურ ფეხბურთს შორის?
– ყაზახეთში ბევრად მაღალი დონეა, რაც ფინანსებით არის განპირობებული. გუნდების ბიუჯეტი ძლიერი მოთამაშეების ჩამოყვანის საშუალებას იძლევა. თუმცა, ისით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა. აქვე, ყველა ქართულ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ ევროტურნირებზე წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.