ზესტაფონელ დუბლიორთა მზადების შესახებ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მსგავსად, ზამთრის პაუზის შემდეგ სეზონის განახლებისათვის ზემოიმერელთა დუბლშემადგენლობაც ემზადება. ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ზესტაფონელთა რეზერვისტებს ადგილობრივი სპეციალისტი თამაზ გაბრიჭიძე უხელმძღვანელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების საქმეში თამაზ გაბრიჭიძეს, რომელიც მიმდინარე პირველობის პირველ ეტაპზე ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე მარგველთა უფროს ასაკობრივ გუნდს ხელმძღვანელობდა, მამუკა ფუტკარაძე და მეკარეების მწვრთნელი მამუკა მდინარაძე დაეხმარებიან.
დუბლიორთა პირველობის საგაზაფხულო ნაწილს იმერელთა რეზერვისტები 22 თებერვალს “გურიის” მეორე გუნდთან ლანჩხუთში გასამართი შეხვედრით დაიწყებენ. მანამდე კი გუნდი ზესტაფონში ვარჯიშობს და ჩემპიონატის განახლებისათვის მზადების ფარგლებში სამი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრო.
პირველ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლებმა საფეხბურთო კლუბ “სამტრედიის” მეორე გუნდს უმასპინძლეს და მატჩი ანგარიშით 1-2 (გოლი – ბექა გოცაძე) დათმეს. ჩვენი შემდეგი მეტოქე პირველ ლიგაში მოასპარეზე ხარაგაულის “ჩხერიმელა” გახლდათ – 3-6 (გოლები – ლაშა ბუბულაშვილი, გიორგი ჩუბინიძე, ბექა გოცაძე). მესამე ამხანაგურ შეხვედრაში კი ზესტაფონელები კიდევ ერთ პირველლიგელ ვანის “სულორს” დაუპირისპირდნენ – ეს მატჩი ფრედ 1-1 (გოლი -გიორგი ჩუბინიძე) დასრულდა.
რაც შეეხება ზესტაფონელთა პირველი გუნდის მზადების პროცესს, წინასწარ დაგეგმილი სპარინგ-მატჩის ნაცვლად, 14 თებერვალს გიორგი მიქაძე თავის ფეხბურთელებს ორმხრივ შეხვედრაში გამოცდის.
FCZestafoni.GE